ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს 60 დღით აჩერებს - რუბიო მიზეზად გლობალურ ენერგოკრიზისს ასახელებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებისა და ტარიფების ამოქმედებას დროებით აჩერებს. სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, გადაწყვეტილება გლობალურ ეკონომიკაზე შესაძლო გავლენის შეფასებასა და ენერგორესურსებზე ფასების ზრდას უკავშირდება.
რუბიოს თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია 60-დღიან პერიოდს გამოიყენებს იმის გასაანალიზებლად, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ახალი შეზღუდვების დაწესებას როგორც მსოფლიო, ისე ამერიკის ეკონომიკისთვის.
„პრობლემა ის არის, რომ ეს სანქციები მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ისინი ითვალისწინებს ტარიფებს რიგი ქვეყნებისთვის, მაგალითად, ინდოეთისთვის და სხვებისთვისაც. ვფიქრობ, პრეზიდენტს სურს, 60-დღიანი პერიოდი გამოიყენოს იმის გასაანალიზებლად, თუ რა გავლენას მოახდენს სანქციებისა და ტარიფების დაწესება გლობალურ ეკონომიკაზე, მათ შორის, შეერთებული შტატების ეკონომიკაზეც“, — განაცხადა მარკო რუბიომ.
სახელმწიფო მდივნის განმარტებით, მსოფლიო ენერგეტიკული ბაზარი ისედაც რთულ ვითარებაშია. ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის შეფერხება, ირანთან ომი, იემენელი ჰუსიტების თავდასხმები საუდის არაბეთზე და რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანება ნავთობისა და საწვავის ფასების ზრდას იწვევს.
რუბიომ ყურადღება გაამახვილა ინდოეთზეც, რომელიც რუსული ენერგორესურსების ერთ-ერთი მსხვილი შემსყიდველია. მისი თქმით, ქვეყანა ცდილობს მომარაგების წყაროების დივერსიფიცირებას, თუმცა რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების სწრაფად შემცირება რთულია.
შეგახსენებთ, ტრამპმა 16 ოქტომბერს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც რუსეთის წინააღმდეგ ახალი კანონით გათვალისწინებული ძირითადი სანქციებისა და ტარიფების ამოქმედებაზე გამონაკლისი დაუშვა. შეზღუდვები, მათ შორის, რუსული ნავთობისა და გაზის შემსყიდველი ქვეყნების წინააღმდეგ ზომებსაც ითვალისწინებს.
გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აკრიტიკებს. მისი შეფასებით, რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქება ვლადიმირ პუტინის წახალისებაა და შესაძლოა უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელებას შეუწყოს ხელი.