რუმინეთის საჰაერო სივრცეში ორი რუსული წარმოების დრონი შეიჭრა
რუმინეთის საჰაერო სივრცეში რუსული წარმოების ორი რეაქტიული დრონი შეიჭრა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუმინეთის სამხედრო-საჰაერო ძალების F-16 ტიპის გამანადგურებლებმა ორივე სამიზნე შავი ზღვის თავზე გაანადგურეს.
ინციდენტი 17 ოქტომბერს მოხდა. გამანადგურებლები ბორჩეას ავიაბაზიდან მას შემდეგ აფრინდნენ, რაც რადარებმა რამდენიმე საჰაერო სამიზნე დააფიქსირეს. პირველი დრონი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შესვლიდან ორ წუთში ჩამოაგდეს, მეორე კი - ოთხ წუთში.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორივე უპილოტო საფრენი აპარატი რუსული წარმოების, „გერანის“ ოჯახის რეაქტიული დამრტყმელი დრონი იყო.
ინციდენტს წინ უძღოდა შავ ზღვაში სავაჭრო გემებზე დრონებით თავდასხმების სერია. ერთ-ერთი თავდასხმის შედეგად, რუმინეთის სანაპიროსთან ორი მეზღვაური დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ბოლო დღეებში თავდასხმების სამიზნე კიდევ რამდენიმე სატვირთო და ტანკერი გახდა.
შექმნილი ვითარების ფონზე რუმინეთი შავი ზღვის უსაფრთხოების გასაძლიერებლად ახალი ერთობლივი სამხედრო სარდლობის შექმნის ინიციატივით გამოდის. ბუქარესტის წინადადება რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის მონაწილეობით ნატოს ფარგლებში სამხედრო კოორდინაციის გაძლიერებას ითვალისწინებს.
ინიციატივის მიზანი შავ ზღვაში დრონებით თავდასხმების, საზღვაო ნაღმებისა და სავაჭრო გემების წინააღმდეგ არსებული საფრთხეების ერთობლივი მართვაა.