„თუ აშშ რუსეთს დაუჭერს მხარს, ეს ისტორიული შეცდომა იქნება“ - ზელენსკი

18.10.26 19:44
„თუ აშშ რუსეთს დაუჭერს მხარს, ეს ისტორიული შეცდომა იქნება“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების მიერ რუსეთის ოფიციალური მხარდაჭერა ისტორიული შეცდომა იქნება. ამის შესახებ მან NBC News-ის გადაცემა Meet the Press-ში ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, მიუხედავად ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებებისა, ის დონალდ ტრამპს კვლავ მოკავშირედ მიიჩნევს, თუმცა იმედოვნებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებასა და უკრაინისთვის სამხედრო ტექნოლოგიების გამოყენებაზე დაწესებულ შეზღუდვებს გადახედავს.

„ჩვენ გვინდა, მას ვენდოთ. იმედი მაქვს, თავის გადაწყვეტილებებს გადახედავს, რადგან მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი შეცდომაა და არც ჩვენ დაგვეხმარება და არც შეერთებულ შტატებს“, — განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, ტრამპის გადაწყვეტილება რუსული დიზელის საერთაშორისო ბაზარზე მიწოდების შესახებ პუტინს უკრაინის ოკუპაციის გაგრძელებისკენ წაახალისებს.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ აშშ-მა უკრაინას რამდენიმე დღით შეუწყვიტა სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ, თუმცა თანამშრომლობა უკვე აღდგენილია. ამასთან, უკრაინას კვლავ აქვს შეზღუდვები Starshield-ის, Starlink-ის სამხედრო ვერსიის გამოყენებაზე.

უკრაინის ლიდერმა ტრამპთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკის პრეზიდენტთან ყოველთვის გულწრფელია.

„შესაძლოა, ეს არც ისე თავაზიანია, მაგრამ უმჯობესია გყავდეს პარტნიორები, რომლებიც გულწრფელები და პირდაპირები არიან, ვიდრე მკვლელები, თუნდაც ისინი იღიმოდნენ“, — თქვა ზელენსკიმ.

 მისივე განცხადებით, კიევი ვაშინგტონთან მოლაპარაკებების გაგრძელებისა და უახლოეს დღეებში ახალი შეხვედრის გამართვის იმედს ინარჩუნებს.

მსგავსი სიახლეები