„ნეთანიაჰუ აშშ-ს ახალ ომში ითრევს, რათა ციხეს გადაურჩეს“ - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

19.10.26 10:16
„ნეთანიაჰუ აშშ-ს ახალ ომში ითრევს, რათა ციხეს გადაურჩეს“ - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეერთებული შტატების ირანთან ახალ ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებს. არაღჩის განცხადებით, ნეთანიაჰუ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებს და მოსალოდნელ შედეგებს არც ისრაელისთვის და არც ვაშინგტონისთვის ითვალისწინებს.

ამის შესახებ ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა და აშშ-სა და ისრაელს ახალი სამხედრო თავდასხმებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

„ნეთანიაჰუ ამერიკას კიდევ ერთ ომში ითრევს, რათა ციხეს გადაურჩეს, მიუხედავად იმისა, რა შედეგები მოჰყვება ამას ისრაელისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ აშშ-ის პრეზიდენტზე. ბოლოს, როცა საქმის დასრულება გინდოდათ, ირანი კიდევ უფრო გაძლიერდა. გსურთ, ბედი კიდევ ერთხელ სცადოთ? მობრძანდით, მაგრამ ფრთხილად იყავით — ჩვენც გვაქვს დაუმთავრებელი საქმეები“, - დაწერა აბას არაღჩიმ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება დონალდ ტრამპის მიერ ნეთანიაჰუს მხარდაჭერას და თეირანის წინააღმდეგ შესაძლო ახალი სამხედრო მოქმედებების შესახებ გაკეთებულ გაფრთხილებას მოჰყვა.

18 ოქტომბერს ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში აშშ ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს განაახლებს.

თეირანი კი აცხადებს, რომ ახალი თავდასხმის შემთხვევაში საპასუხო ზომებისთვის მზად არის.

მსგავსი სიახლეები