„მოძალადეებისა და დარბევაში მონაწილეების მიმართ შეუვალნი ვიქნებით“ - მაკრონი საფრანგეთში მიმდინარე არეულობაზე

19.10.26 10:38
„მოძალადეებისა და დარბევაში მონაწილეების მიმართ შეუვალნი ვიქნებით“ - მაკრონი საფრანგეთში მიმდინარე არეულობაზე

საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციებისა და არეულობის შემდეგ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოსახლეობას საგანგებო განცხადებით მიმართა. ქვეყნის ლიდერმა დაგმო ძალადობა, მაღაზიებისა და ადმინისტრაციული შენობების დარბევა და განაცხადა, რომ დამნაშავეები მკაცრად დაისჯებიან.

მაკრონის თქმით, მთავრობა შეისწავლის, რატომ ვერ მოხერხდა მასშტაბური არეულობის თავიდან აცილება. პრეზიდენტმა ასევე არ გამორიცხა, რომ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ადგილობრივმა ხელისუფლებამ გარკვეული შეკრებები აკრძალოს.

„ამ საღამოს ყველანი ვგრძნობთ რისხვასა და სირცხვილს. აუტანელია ჩვენი ქალაქების ქუჩების ასე დარბევა. არ უნდა გავაიგივოთ მოქალაქეების კანონიერი მოთხოვნები ძალადობასთან და არც ის უნდა დავუშვათ, რომ ძალადობამ ამ მოთხოვნების მოსმენა შეაფერხოს. მოძალადეებისა და დარბევაში მონაწილეების მიმართ შეუვალნი ვიქნებით. მოსმენა და დიალოგი არც სისუსტეს ნიშნავს და არც დაუსჯელობას“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, უახლოეს დღეებში პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნუ პოლიტიკურ პარტიებთან, პროფკავშირებთან, სტუდენტებთან, პედაგოგებთან და დამსაქმებლებთან შეხვედრებს გამართავს, რათა სოციალური პრობლემების გადასაჭრელად კონკრეტული წინადადებები შემუშავდეს.

მაკრონმა ასევე მოუწოდა პოლიტიკურ ძალებს, ძალადობა ერთმნიშვნელოვნად დაგმონ და აღნიშნა, რომ ქვეყანას სიმშვიდე და დიალოგი სჭირდება.

შეგახსენებთ, საფრანგეთში 17 ოქტომბერს ცხოვრების გაძვირებისა და განათლების სისტემაში არსებული პრობლემების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები რამდენიმე ქალაქში არეულობასა და პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. დააკავეს ათასობით ადამიანი, დაზიანდა ადმინისტრაციული შენობები, ავტომობილები და სავაჭრო ობიექტები.

მსგავსი სიახლეები