რუსეთმა უკრაინას 16 ბალისტიკური რაკეტითა და 200-ზე მეტი დრონით შეუტია - 550 ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
19 ოქტომბრის ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური სარაკეტო და დრონებით შეტევა განახორციელა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევისა და მისი ოლქის მიმართულებით 16 ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, ხოლო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს 200-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. სამიზნე ენერგეტიკული და სხვა ინფრასტრუქტურა გახდა. დაზიანებულია სამედიცინო კლინიკა, სკოლა, მეტროსადგური და საცხოვრებელი სახლები. მხოლოდ ერთი ღამის განმავლობაში დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 10 ობიექტი, ელექტროენერგიის გარეშე კი სულ მცირე 550 ათასი ოჯახი დარჩა. თავდასხმებს მსხვერპლიც მოჰყვა.
ზელენსკის თქმით, უკრაინამ პარტნიორებისგან მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ გაფრთხილება კვლავ ვერ მიიღო. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კიევი ცეცხლის შეწყვეტის ყველა ინიციატივას დადებითად პასუხობდა, თუმცა რუსეთის მხრიდან პასუხი კვლავ სარაკეტო იერიშები და ადამიანების მკვლელობაა. მისი შეფასებით, ვლადიმირ პუტინს არც ომის დასრულება სურს და არც დეესკალაციისკენ ნაბიჯების გადადგმა.
„უკრაინას არასოდეს სურდა ეს ომი და ჩვენ დადებითად შევხვდით პარტნიორების თითოეულ მცდელობას, ღირსეულად დაესრულებინათ იგი. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ყველა წინადადებას დადებითად ვპასუხობდით. ბალისტიკური რაკეტები, „შაჰედები“ და მკვლელობები - ეს არის რუსეთის პასუხი, რომელიც კვლავ და კვლავ მეორდება.
პუტინს არა მხოლოდ ამ ომის დასრულება არ სურს, არამედ დეესკალაციისკენ რაიმე ნაბიჯის გადადგმაც კი. როდესაც უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის რაკეტების მიწოდება იბლოკება, ხოლო რუსეთი სანქციების შემსუბუქებას ან გადავადებას იღებს, ეს, სამწუხაროდ, პარტნიორების მხრიდან რეალობის უარყოფაა.
სინამდვილეში ომი გრძელდება და გრძელდება მხოლოდ რუსეთის თავდასხმებისა და რუსეთის სურვილის გამო, გააჭიანუროს ეს ომი, - განაცხადა ზელენსკიმ.