რუბიოს თქმით, Starlink-ის სისტემაში ცვლილებების შეტანა დონალდ ტრამპს არასდროს მოუთხოვია
რუბიოს თქმით, მედიაში გავრცელებული ცნობები, თითქოს აშშ-ის მთავრობამ უკრაინას თავდაცვისთვის აუცილებელი საშუალებების მიწოდებაზე უარი განუცხადა, სიმართლეს არ შეესაბამება - ინფორმაციას ამის შესახებ censor.net ავრცელებს.
„Starlink კერძო კომპანიაა. მათ აქვთ კონტრაქტი და ეს კონტრაქტი მოიცავს პირობებს, რომლებიც არეგულირებს, თუ როგორ შეიძლება ამ ტექნოლოგიის გამოყენება.“
მთავარი ის არის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია კერძო კომპანიას ვუთხრათ, რა გადაწყვეტილებები მიიღოს ან არ მიიღოს. რაც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა არის ის, რომ არც შეერთებული შტატების პრეზიდენტს და არც ჩვენს სისტემაში სხვა ვინმეს არასდროს მოუთხოვია ამ სისტემაში რაიმე ცვლილების შეტანა.
ეს სიმართლეს არ შეესაბამება. და ის ფაქტი, რომ უკრაინის ლიდერები აგრძელებენ ამის ასე წარმოჩენას, ასევე სიმართლეს არ შეესაბამება...
მსოფლიოში არცერთ ქვეყანას ბოლო ოთხნახევარი წლის განმავლობაში არ გაუკეთებია უკრაინის დასახმარებლად იმდენი, რამდენიც შეერთებულმა შტატებმა, მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციის დროს“ - განაცხადა რუბიომ.
ცნობისთვის, The Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომლის მიხედვითაც, უკრაინისთვის Starlink-ის მუშაობის შენელების ბრძანება ილონ მასკმა გასცა.
WSJ-ის ცნობით, წყაროების ნაწილის განცხადებით, მასკმა Starlink-ის სიჩქარის შენელების საკითხი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან, მათ შორის, თავად პრეზიდენტ დონალდ ტრამპთანაც განიხილა.