რუსმა „ჰუმანისტებმა“ კიევის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა გაუშვეს - ზელენსკი
გუშინდელი საღამოს შემდეგ, რუსმა „ჰუმანისტებმა“ კიევის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა გაუშვეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ზელენსკის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქზე იერიშისას 21 რაკეტა გამოიყენეს.
„სამწუხაროდ, ქალაქის მასშტაბით ბევრი ობიექტი დაზიანდა: ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლები, ენერგოობიექტები, რკინიგზის სადგურისა და მეტროს ინფრასტრუქტურა, სავაჭრო ცენტრები და საწარმოები. დაზიანებულ ობიექტებს შორის მონასტერიც არის. კიევსა და სხვა რეგიონებში 34 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ხუთი ბავშვია. ამ დროისთვის ორი ადამიანის დაღუპვა დადასტურდა“, - წერს ზელენსკი.
მისი თქმით, რუსეთმა მიზანმიმართული დარტყმა მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასრულებისთანავე განახორციელა.
„ეს ნიშნავს, რომ მიმდინარე მოვლენების მიმართ მის დამოკიდებულებაში რეალური ცვლილება არ მომხდარა. მნიშვნელოვანია, ამ ომის დასასრულებლად სწორი გადაწყვეტილებების ძიება გავაგრძელოთ. მაგრამ, როდესაც რუსეთი მოლაპარაკებებს ბალისტიკური რაკეტებით პასუხობს, მაშინ რუსეთზე რეალური ზეწოლაა საჭირო“, - აცხადებს ზელენსკი.