ტრამპს ძალიან მარტივად შეუძლია მოლაპარაკების მაგიდასთან პუტინის მიყვანა - ზელენსკი
"როცა ტრამპი კომპრომისს გვთხოვს, მოლაპარაკებებზე დაჯდომა უკვე დიდი კომპრომისია" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტს ძალიან მარტივად შეუძლია მოლაპარაკების მაგიდასთან პუტინის მიყვანა.
მისივე განცხადებით, ტრამპი პუტინზეც იმავე ტონით უნდა საუბრობდეს, რა ტონითაც მასზე საუბრობს.
როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ კომპრომისი უნდა გამოვნახოთ – ჩვენ ამ რეალობით ვცხოვრობთ. ცეცხლის შეწყვეტა და მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა – ეს უკვე უზარმაზარი კომპრომისია.
ვერავინ წარმოიდგენს, რა გამოიარეს იმ ადამიანებმა, რომელთა შვილებიც აწამეს. ადამიანებს პატიებას ვერ აიძულებ. როგორ უნდა აიძულო, როდესაც მათ შვილს აწამებდნენ? როგორ უნდა აპატიო? ეს შეუძლებელია. მე სასოწარკვეთით მსურს სამართლიანობა. უბრალოდ, ძალიან მინდა. ვიცი, რომ უამრავ ადამიანს გული ამოგლიჯეს და მათ ახალი გული აღარ ექნებათ.
სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ცეცხლის შეწყვეტა ერთადერთი შესაძლო ნაბიჯია, რადგან ადამიანების სიძულვილი არსად გაქრება. ამას დრო და სამართლიანობა სჭირდება. სწორედ ამიტომ არის ეს უზარმაზარი კომპრომისი.
ბევრჯერ ვცადე, აშშ-ს პრეზიდენტისთვის მეთქვა: გაგვიგეთ. უზარმაზარი კომპრომისია თუნდაც იმ პოზიციებზე დარჩენა, სადაც ახლა ვიმყოფებით. ტრამპს ძალიან მარტივად შეუძლია მოლაპარაკების მაგიდასთან პუტინის მიყვანა. პრეზიდენტი ტრამპი ჩემზე როგორი ტონითაც საუბრობს, პუტინზეც იმავე ტონით უნდა საუბრობდეს".- წერს იქსზე ზელენსკი.