უკრაინა, აშშ, რუსეთის სამმხრივი შეხვედრა სავარაუდოდ, ნოემბრის პირველ ნახევარში გაიმართება
უკრაინა, აშშ, რუსეთის სამმხრივი შეხვედრა სავარაუდოდ, ნოემბრის პირველ ნახევარში გაიმართება. ცნობილია სავარაუდო ადგილიც. ომის დასრულებაზე მოლაპარაკებები დიდი ალბათობით აბუ-დაბიში გაიმართება.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, კიევი დიპლომატიური პროცესის გასაგრძელებლად ნებისმიერ მომენტშია მზად, თუმცა ამერიკული მხარის შუამავლობითა და ოსლო-სანქტ-პეტერბურგის კონსულტაციების ფონზე - საბოლოო პროგრესი ისევ მოსკოვის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.
ჩემი გუნდი და მე ვესაუბრეთ პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებს - სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს. ვისაუბრეთ ოსლოსა და სანქტ-პეტერბურგში შეხვედრების შედეგებზე და როგორ შეგვიძლია წინ წავწიოთ დიპლომატია ამ ნოემბერს.
შეთანხმება გვაქვს სამმხრივი შეხვედრის ჩატარებაზე - უკრაინა, ამერიკა, და რუსეთი - გუნდების დონეზე. გეგმაა ნოემბრის პირველ ნახევარში შეხვედრა. ჩვენ ნებისმიერ დღეს მზად ვართ შეხვედრისთვის - ხვალაც კი. მაგრამ ყველაფერი რუსებზეა დამოკიდებული. სამმხრივ შეხვედრას ასევე ველოდით ოქტომბერში. მაგრამ ის არ შედგა - ვინაიდან რუსებმა შეხვედრის არგამართვის მორიგი მიზეზი მოიგონეს.
ახლა ყველას გვჭირდება, რომ ვფოკუსირდეთ ამ შეხვედრების ჩატარებაზე - ამერიკასთან, ევროპასთან და ჩვენს ყველა პარტნიორთან ერთად. შესაძლებელია მათი ჩატარება ამერიკის გარეშე ან რუსეთზე ამერიკული ზეწოლის გარეშე? სავარაუდოდ, არა. ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ამერიკა ამას პრიორიტეტად შეინარჩუნებს ყველა დონეზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
კრემლმაც გამოთქვა მზაობა ნოემბერში სამმხრივი ფორმატის განახლების თაობაზე. პარალელურად, დასავლურ პრესაში იწერება, რომ აშშ-ის მხრიდან მზადდება უკრაინული სამშვიდობო ინიციატივებისა და უსაფრთხოების გარანტიების განახლებული პაკეტი.