ზელენსკი: რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები ნოემბრის პირველ ნახევარში იგეგმება

25.10.26 10:17
ზელენსკი: რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები ნოემბრის პირველ ნახევარში იგეგმება

უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების სამმხრივი შეხვედრა ნოემბრის პირველ ნახევარში, აბუ-დაბიში იგეგმება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელმაც დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან გამართული საუბრის დეტალებზე ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, საუბარი შეეხო მანამდე გამართულ შეხვედრებს და ნოემბერში დიპლომატიური პროცესის გააქტიურების შესაძლებლობებს.

„ნოემბერში გვაქვს შეთანხმება უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის სამმხრივი შეხვედრის გამართვაზე, მოლაპარაკებების გუნდების დონეზე. ვიმედოვნებთ, რომ ის შედგება. შეხვედრა ნოემბრის პირველ ნახევარში, რაც შეიძლება მალე იგეგმება. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დღეს შევხვდეთ, თუნდაც ხვალ, თუმცა ყველაფერი რუსებზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მსგავსი შეხვედრა ოქტომბერშიც იგეგმებოდა, თუმცა არ შედგა, რადგან, მისი თქმით, რუსულმა მხარემ მოლაპარაკებებზე უარის სათქმელად კიდევ ერთი საბაბი გამონახა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დიპლომატიური პროცესის გასაგრძელებლად აუცილებელია აშშ-ისა და ევროპელი პარტნიორების მონაწილეობა, ასევე ვაშინგტონის მხრიდან მოსკოვზე ზეწოლის შენარჩუნება.

„შესაძლებელია ეს შეხვედრები შეერთებული შტატების ან რუსეთის მიმართ ამერიკული ზეწოლის გარეშე? ალბათ, არა. სწორედ ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ამერიკა ამ საკითხს ყველა დონეზე პრიორიტეტად შეინარჩუნებს“, - თქვან ზელენსკიმ.

მისი თქმით, მოლაპარაკებების საბოლოო მიზანი უშუალოდ სამი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა უნდა იყოს.

„ჩვენ გვჭირდება სამმხრივი მოლაპარაკებები უკრაინას, ამერიკასა და რუსეთს შორის და ამ პროცესის ნაწილი ევროპაც უნდა იყოს. გარდა ამისა, ტექნიკურ დონეზე მიმდინარე სამმხრივი მოლაპარაკებებიდან ლიდერების შეხვედრაზე უნდა გადავიდეთ, რადგან საკვანძო საკითხების გადაწყვეტა მხოლოდ უმაღლეს დონეზეა შესაძლებელი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა შეხვედრის ჩატარება რუსეთის პოზიციაზეა დამოკიდებული.