უკრაინულმა დრონებმა ომსკში ნავთობქიმიურ ქარხანასა და Ozon-ის საწყობს შეუტიეს - გაჩნდა მასშტაბური ხანძრები

25.10.26 10:21
უკრაინულმა დრონებმა ომსკში ნავთობქიმიურ ქარხანასა და Ozon-ის საწყობს შეუტიეს - გაჩნდა მასშტაბური ხანძრები

უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის ქალაქ ომსკში ნავთობქიმიურ ქარხანასა და კომპანია Ozon-ის ლოგისტიკურ ცენტრს შეუტიეს. იერიშების შედეგად ობიექტებზე ხანძრები გაჩნდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, 24 ოქტომბერს განხორციელებული შეტევის ერთ-ერთი სამიზნე ქარხანა „ომსკი კაუჩუკი“ იყო. ეს რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ქიმიური და ნავთობქიმიური საწარმოა, რომელიც სინთეზურ კაუჩუკს, ფენოლს, აცეტონსა და სხვა ქიმიურ პროდუქტებს აწარმოებს.

დრონებით შეტევა განხორციელდა რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინმარკეტპლეისის, Ozon-ის ლოგისტიკურ ცენტრზეც. იერიშის შემდეგ საწყობის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

ომსკის ოლქის გუბერნატორმა ვიტალი ხოცენკომ უპილოტო საფრენი აპარატების შეტევა დაადასტურა და განაცხადა, რომ ლოგისტიკური ცენტრიდან თანამშრომლების ევაკუაცია ოპერატიულად განხორციელდა.

კომპანია Ozon-ის თავდაპირველი ინფორმაციით, საწყობში მყოფი თანამშრომლებიდან არავინ დაშავებულა.

ამასთან, 25 ოქტომბერს გავრცელებული განახლებული ინფორმაციით, ომსკზე თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. რეგიონული ხელისუფლების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ნავთობქიმიური ქარხნის დაზიანების ზუსტი მასშტაბი ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები