სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - ვუჩიჩის პარტიას სტუდენტური მოძრაობა უპირისპირდება

25.10.26 12:38
სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - ვუჩიჩის პარტიას სტუდენტური მოძრაობა უპირისპირდება

სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის 250 ადგილიან პარლამენტში მოსახვედრად 18 პოლიტიკური ძალა იბრძვის. მთავარი დაპირისპირება მმართველ „სერბეთის პროგრესულ პარტიასა“ და სტუდენტური მოძრაობის მიერ მხარდაჭერილ „სტუდენტურ სიას“ შორისაა.

დასავლური მედიის ინფორმაციით, არჩევნები განსაკუთრებით დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაში ტარდება. სტუდენტური მოძრაობა, რომელიც თითქმის ორი წელია ალექსანდრ ვუჩიჩის ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავს, მმართველი პარტიის მთავარ კონკურენტად ჩამოყალიბდა.

საპროტესტო გამოსვლები 2024 წელს, ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურის გადახურვის ჩამონგრევის შემდეგ დაიწყო. ტრაგედიას 16 ადამიანი ემსხვერპლა. დემონსტრანტები მომხდარზე პასუხისმგებელი პირების დასჯასა და კორუფციის წინააღმდეგ ზომების მიღებას მოითხოვდნენ.

წინასაარჩევნო გამოკითხვები განსხვავებულ შედეგებს აჩვენებს. ზოგი მათგანი მმართველი პარტიის უპირატესობაზე მიუთითებს, ზოგის მიხედვით კი სტუდენტური მოძრაობა ლიდერობს. მოსალოდნელია ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა.

ალექსანდრ ვუჩიჩი, რომელიც სერბეთის პოლიტიკაში ათ წელზე მეტია წამყვან პოზიციას იკავებს, სექტემბერში პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა და საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მონაწილეობს.

საერთაშორისო მედიის შეფასებით, არჩევნები ვუჩიჩის მმართველი პარტიისთვის 2012 წლიდან ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პოლიტიკური გამოწვევაა.

პარლამენტში მოსახვედრად საარჩევნო სიებმა, როგორც წესი, ხმების სულ მცირე 3% უნდა მიიღონ. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურება, წინასწარი შედეგები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.