ესპანეთში, ქარხანაში, სადაც უკრაინისთვის ჭურვებს აწარმოებენ, აფეთქება მოხდა
ესპანეთის სამხრეთით, ქალაქ გრანადას გარეუბანში მდებარე საბრძოლო მასალის მწარმოებელ ქარხანა El Fargue-ში ძლიერი აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად საწარმოს სამი თანამშრომელი დაშავდა (მათ ძირითადად სმენის დაზიანება აღენიშნებათ), ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
ინციდენტი დილის 09:00 საათისთვის, დენთის წვის ზონაში რეგულარული გამოცდების დროს მოხდა. სამუშაო პერიმეტრი იზოლირებული იყო, რის გამოც მიმდებარე საცხოვრებელი სახლები არ დაზიანებულა. ადგილზე მუშაობენ გამნაღმველები და პოლიცია. უსაფრთხოების მიზნით, საწარმომ მუშაობა დღის ბოლომდე შეაჩერა.
აღნიშნული ქარხანა სლოვაკურ კომპანია MSM Group-ს ეკუთვნის და იქ დაახლოებით 300 ადამიანია დასაქმებული. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, საწარმომ სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო მასალისა და სარაკეტო კომპონენტების წარმოება გააფართოვა, მათ შორის უკრაინისთვის მისაწოდებლად.
ეს ბოლო სამ კვირაში საწარმოსთან დაკავშირებული უკვე მეორე ინციდენტია - 13 ოქტომბერს ქარხნის სიახლოვეს ნაღმმტყორცნის ჭურვებით დატვირთული სატვირთო გადაბრუნდა, რასაც მაშინ მსხვერპლი არ მოჰყოლია.