„მისტერ ვეტო გავხდები“ - ტრამპი დემოკრატების შესაძლო გამარჯვების შემთხვევაში კანონპროექტების დაბლოკვით იმუქრება
ვინ გააკონტროლებს ამერიკის კონგრესს? აშშ-ში შუალედურ არჩევნებამდე ერთი დღე რჩება, დონალდ ტრამპი კი დემოკრატების შესაძლო გამარჯვების შემთხვევაში პოლიტიკურ ოპონენტებს პრეზიდენტის ვეტოს გამოყენებით ემუქრება.
Fox News-თან ინტერვიუში თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ თუ დემოკრატები კონგრესზე კონტროლს მოიპოვებენ, ის „მისტერ ვეტო“ გახდება და მათ მიერ მიღებულ კანონპროექტებს დაბლოკავს. ტრამპის ვარაუდით, მუდმივი ვეტოები დემოკრატებს საბოლოოდ პრეზიდენტთან მოლაპარაკებისა და კომპრომისის მიღწევისკენ უბიძგებს.
„თუ ასე მოხდა, ალბათ, მისტერ ვეტო გავხდები. არ მივცემ მათ იმის გაფუჭების უფლებას, რაც გაკეთებულია. ისინი კანონპროექტებს გამომიგზავნიან, მე კი ვეტოს დავადებ. საბოლოოდ, ერთი ან ორი თვის შემდეგ, როდესაც ყველაფერზე ვეტოს მიიღებენ, მოვლენ და შეთანხმებას შემომთავაზებენ. ვფიქრობ, სწორედ ასე მოხდება, თუმცა იმედი მაქვს, ამაზე ფიქრი არ მოგვიწევს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
არჩევნების წინ გამოქვეყნებული გამოკითხვები დემოკრატების უპირატესობაზე მიუთითებს. NPR/PBS News/Marist-ის კვლევით, დემოკრატ კანდიდატებს სავარაუდო ამომრჩეველთა 52% უჭერს მხარს, რესპუბლიკელებს კი - 44%. ამავე კვლევის თანახმად, ტრამპის საქმიანობას 40% იწონებს, 59% კი უარყოფითად აფასებს.