ჰაკერებმა უკრაინასა და რუსეთში განგაშის აპლიკაციები გატეხეს - მოქალაქეებმა ბირთვული და ქიმიური საფრთხის შესახებ ყალბი შეტყობინებები მიიღეს
ბირთვული თავდასხმისა და ქიმიური საფრთხის შესახებ ყალბი შეტყობინებები უკრაინასა და რუსეთში - ორივე ქვეყანაში საგანგებო გაფრთხილების მობილური აპლიკაციები კიბერშეტევის სამიზნე გახდა.
პირველად განგაში უკრაინაში ატყდა. მილიონობით მომხმარებლისთვის განკუთვნილმა აპლიკაციამ, რომელიც მოსახლეობას საჰაერო თავდასხმების შესახებ აფრთხილებს, ბირთვული და ქიმიური საფრთხის, რადიაციის გავრცელებისა და კიევში ქუჩის ბრძოლების შესახებ ცრუ შეტყობინებები გაავრცელა. ერთ-ერთ გაფრთხილებაში რუსული რაკეტის, „ორეშნიკის“ გამოყენებაზეც იყო საუბარი.
უკრაინის ხელისუფლებამ ინფორმაცია უარყო და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. კიბერშეტევის შემდეგ აპლიკაციის მუშაობა დროებით შეჩერდა, თუმცა განგაშის სხვა სისტემები ფუნქციონირებას აგრძელებდა.
რამდენიმე საათში ანალოგიური შემთხვევა რუსეთშიც დაფიქსირდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ განაცხადა, რომ მის მობილურ აპლიკაციაზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა, რის შედეგადაც მოქალაქეებმა ბირთვული საფრთხის შესახებ ყალბი შეტყობინებები მიიღეს.
ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ერთმანეთს უკრაინასა და რუსეთში განხორციელებული კიბერშეტევები.