ლონდონი მიგრანტებისთვის მუდმივი ბინადრობის უფლების მინიჭების ვადებსა და წესებს ცვლის
დიდი ბრიტანეთის მთავრობა მიგრანტებისთვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის (ILR) მიღების წესების შეცვლას გეგმავს. ახალი ინიციატივის მიხედვით, მიგრანტების ნაწილისთვის ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად საჭირო პერიოდი 5-დან 10 წლამდე გაიზრდება, მაღალი შემოსავლის მქონე პირებისა და გარკვეული პროფესიული ჯგუფებისთვის კი შეღავათიანი პირობები შენარჩუნდება.
ცვლილებების შესახებ დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა შაბანა მაჰმუდმა განაცხადა.
ინიციატივის თანახმად, მუდმივი ბინადრობის მისაღებად მოქმედი 5-წლიანი ვადა შენარჩუნდება იმ მიგრანტებისთვის, რომელთა წლიური შემოსავალი 50 ათას გირვანქა სტერლინგს აღემატება. იგივე წესი გავრცელდება ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში დასაქმებულ პირებზეც.
განსაკუთრებული შეღავათი ექნებათ მაღალი შემოსავლის მქონე მიგრანტებს. პირები, რომელთა წლიური შემოსავალი 125 ათას გირვანქა სტერლინგზე მეტია, მუდმივი ბინადრობის ნებართვის მიღებას ქვეყანაში ცხოვრების 3 წლის შემდეგ შეძლებენ.
რაც შეეხება სხვა კატეგორიის მიგრანტებს, მათთვის პირობები მკაცრდება. კერძოდ, 50 ათას გირვანქა სტერლინგზე ნაკლები წლიური შემოსავლის მქონე პირები მუდმივი ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადის შეტანას დიდ ბრიტანეთში 10-წლიანი ცხოვრების შემდეგ შეძლებენ.
უფრო მკაცრი მოთხოვნები გავრცელდება არალეგალურ მიგრანტებსა და იმ პირებზე, რომლებმაც სავიზო პირობები დაარღვიეს. მათთვის მუდმივი ბინადრობის მიღების შესაძლებლობა ქვეყანაში 20-წლიანი ცხოვრების შემდეგ იქნება გათვალისწინებული.
მთავრობის ინიციატივა მიზნად ისახავს მუდმივი ბინადრობის სისტემის გადახედვას და მიგრანტებისთვის განსხვავებული პირობების დაწესებას მათი შემოსავლისა და ქვეყანაში ყოფნის სტატუსის მიხედვით.