ოდესის ოლქზე რუსეთის იერიშს ორი ადამიანი, მათ შორის მოზარდი ემსხვერპლა
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 24 ნოემბრის საღამოს ოდესის ოლქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რეაქტიული დრონებით იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.
ოდესის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, დაღუპულები 17 წლის მოზარდი და 41 წლის მამაკაცი არიან. დაშავდნენ 12 წლის გოგონა და 50 და 54 წლის ქალები, რომლებსაც სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლი, საწარმოო და სასაწყობე შენობები, ფერმერული მეურნეობის ტერიტორია და ავტომობილები. დაზიანებულ საწყობებში დაახლოებით 1 500 ტონა ხორბალი ინახებოდა.
იერიშის შედეგების ლიკვიდაციაში 60-ზე მეტი მაშველი მონაწილეობდა.
უკრაინის სამართალდამცველებმა გამოძიება ადამიანების დაღუპვის გამომწვევი ომის დანაშაულის ფაქტზე დაიწყეს.