ისრაელის ელჩი ბათუმში მომხდარზე: სამარცხვინო საქციელი
საქართველოში ისრაელის ელჩი, ვალიდ აბუ ჰაია ბათუმში თურქეთისა და ისრაელის საფეხბურთო კლუბების შეხვედრისას განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა.
მან „ბათუმი არენაზე“ თურქული „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების დაპირისპირების კადრები პოლიციასთან გააზიარა და დაწერა:
„ტერორიზმი სპორტულ არენაზე: თურქული კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების ქმედებები ბათუმში, „ჰაპოელ ბეერ-შევასთან“ გამართულ მატჩზე. სირცხვილია, სამარცხვინო საქციელია“, - დაწერა ელჩმა.
რა მოხდა ბათუმში
- თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩი, რომელიც 26 ნოემბერს ბათუმში გაიმართა, თავდაპირველად სტამბოლში უნდა ჩატარებულიყო. თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების რისკების გამო უეფას აცნობა, რომ შეხვედრის მასპინძლობა არ შეეძლო. უეფამ მატჩის ნეიტრალურ მოედანზე, ბათუმში გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.
- ბათუმში მატჩის დაწყებამდე ვითარება დაიძაბა და დაძაბულობა მატჩის მიმდინარეობისას გაგრძელდა. თამაში გარკვეული პერიოდით შეწყდა კიდეც.
- პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა, მათ შორის მას შემდეგ, რაც ტრიბუნაზე გულშემატკივრებმა პალესტინის დროშა გაშალეს.
- შსს-ს ცნობით, ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის გარშემო განვითარებული მოვლენების შედეგად პოლიციის სამი თანამშრომელი დაშავდა, ხოლო 16 ადამიანი დააკავეს.