დღეს უკრაინაზე თავდასხმა არ იქნება, ევროპაში ომები იშვიათად იწყება ოთხშაბათს - EU-ში რუსეთის ელჩი

16.02.22 12:46
დღეს უკრაინაზე თავდასხმა არ იქნება, ევროპაში ომები იშვიათად იწყება ოთხშაბათს - EU-ში რუსეთის ელჩი

ევროკავშირში რუსეთის ელჩი , ვლადიმირ ჩიჟოვი უარყოფს, რომ რუსეთი თავს უკრაინას 16 თებერვალს დაესხმება. ამის შესახებ დიპლომატმა გერმანულ  გამოცემა  Die Welt-თან ინტერვიუში თქვა. ჩიჟოვის მტკიცებით,  რუსეთი შეჭრას არც მომავალ კვირასა თუ თვეში არ  გეგმავს. 

„შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ამ ოთხშაბათს თავდასხმა არ იქნება. ევროპაში ომები იშვიათად იწყება ოთხშაბათს. ესკალაცია არც მომავალ კვირაში, არც მის შემდეგ კვირაში ან მის შემდეგ თვეში იქნება.

როცა რაღაცას ამტკიცებთ, განსაკუთრებით ასეთ სერიოზულ ბრალდებას რუსეთის წინააღმდეგ, გაქვთ ფაქტების წარდგენის პასუხისმგებლობაც. სხვა შემთხვევაში ეს ცილისწამებაა. აბა, სადაა ფაქტები?“ - განაცხადა ჩიჟოვმა.

ევროკავშირში რუსეთის ელჩმა ასევე მოუწოდა დასავლეთს, რომ რუსეთის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შიშები სერიოზულად მიიღოს. დეესკალაცია მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. 

„როცა ჩვენი პარტნიორები ბოლოს და ბოლოს მოუსმენენ ჩვენს ლეგიტიმურ ღელვას, დაძაბულობის განმუხტვის პროცესი შორს აღარ იქნება. ეს ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე ყველა ევროპელის ინტერესებში იქნება, ასევე მსოფლიოს ყველა სხვა სახელმწიფოსიც“ - განაცხადა ჩიჟოვმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკული წყაროების ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში შეჭრას თებერვლის ბოლომდე აპირებს. სავარაუდო თარიღად 16 თებერვალი დასახელდა.