ეს არის ტერორიზმი მისი ყველაზე საშინელი ფორმით - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ეს არის ტერორიზმი მისი ყველაზე საშინელი ფორმით - ასე ეხმაურება ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას.
ლაიენის განცხადებით, ისრაელს აქვს უფლება, თავი დაიცვას.
"ცალსახად ვგმობ "ჰამასის" მიერ ისრაელის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმას. ეს არის ტერორიზმი მისი ყველაზე საშინელი ფორმით. ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი ასეთი საშინელი თავდასხმებისგან," - წერს ლაიენი.
ისრაელის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ღაზას სექტორიდან ახალი სარაკეტო თავდასხმები დაიწყო. "ჰამასმა" ქვეყნის საზღვარი ბულდოზერებით გაარღვია.
ტერორისტული დაჯგუფების მომხრეები აშკელონამდე ფეხით და მძიმე ტექნიკით მიდიან. კადრები რომელიც ცხელი წერტილიდან ვრცელდება მძიმე სანახავია. კადრებში ჩანს ქუჩაში დაყრილი გვამები.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება რომ საავადმყოფოებში ჯამში 500-ზე მეტი დაჭრილია მოთავსებული. დაშავებულებს შორისს არიან ბავშვებიც. საომარ მოქმედებებს ბოლო ცნობებით 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.