ვიქნები ისრაელისა და მისი კანონების ერთგული- ისრაელის ახალმა პრემიერმა საზეიმო ფიცი დადო

,,ვიქნები ისრაელისა და მისი კანონების ერთგული"- განაცხადა ისრაელის ახალმა, რიგით მეცამეტე, პრემიერ-მინისტრმა, ულტრამემარჯვენე 49 წლის ნაფტალი ბენეტმა, საზეიმო ფიცის დადებისას.
ბენეტმა პრემიერის პოსტზე ბენიამინ ნეთანიაჰუ შეცვალა, რომელიც 12 წლის განმავლობაში მართავდა ისრაელს.
ისრაელის პარლამენტმა, ქნესეტმა, 60-ით 59-ის წინააღმდეგ ახალ პრემიერს ნდობა გამოუცხადა.
ბენეტი ქვეყანას 2 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ამ დროის გასვლის შემდეგ მას ჩაანაცვლებს პარტია ,,ეშ ატიდის" ლიდერი, იაირ ლაპიდი.
ნაფტალი ბენეტის კაბინეტი 27 მინისტრისგან შედგება.
ექსპრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ მოღვაწეობას ისრაელის პარლამენტში ოპოზიციის ლიდერის რანგში გააგრძელებს.
ქვეყანაში მომხდარ პოლიტიკურ ცვლილებებს მსოფლიო თანამეგობრობა გამოეხმაურა. ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, განაცხადა, რომ მხარს უჭერს ისრაელის უსაფრთხოებას და ითანამშრომლებს ახალ პრემიერსა და მის კაბინეტთან.