სტოლტენბერგი - ჩინეთი მოწინააღმდეგედ არ მიგვაჩნია, თუმცა სამხედრო შესაძლებლობებში ჩინეთის ინვესტიციები NATO-სთვის მნიშვნელოვანია

16.01.24 19:40
სტოლტენბერგი - ჩინეთი მოწინააღმდეგედ არ მიგვაჩნია, თუმცა სამხედრო შესაძლებლობებში ჩინეთის ინვესტიციები NATO-სთვის მნიშვნელოვანია

"ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩინეთი არ მიგვაჩნია მოწინააღმდეგედ, თუმცა ჩინეთის დიდი ინვესტიციები თანამედროვე სამხედრო შესაძლებლობებში, ის, როგორ არღვევს ჩინეთი ნატო-ს ძირეულ პრინციპებს – ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია NATO-სთვის", - ეს განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დისკუსიისას გააკეთა.

სტოლტენბერგის თქმით, ის, რაც ხდება აზიაში, მნიშვნელოვანია ევროპისთვის და რაც ხდება ევროპაში, მნიშვნელოვანია აზიისთვის.

ნატო არის ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტრანსატლანტიკური ალიანსი და ჩვენ დავრჩებით რეგიონულ ალიანსად. თუმცა ტრანსატლანტიკური რეგიონი დგას გლობალური გამოწვევების წინაშე. უსაფრთხოება აღარ არის რეგიონული, უსაფრთხოება გახდა გლობალური. ამგვარად, ის, რაც ხდება აზიაში, მნიშვნელოვანია ევროპისთვის და ის, რაც ხდება ევროპაში, მნიშვნელოვანია აზიისთვის.

რა თქმა უნდა, ჩვენ არ მიგვაჩნია ჩინეთი მოწინააღმდეგედ, თუმცა ჩინეთის დიდი ინვესტიციები თანამედროვე სამხედრო შესაძლებლობებში, მათ შორის სულ უფრო განვითარებულ ბირთვულ იარაღში, ჩინეთის ქმედებები, განსაკუთრებით, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და ის, როგორ არღვევს ჩინეთი ნატო-ს ძირეულ პრინციპებს – დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, გამოხატვის თავისუფლებას, როგორც ვიხილეთ ჰონგ კონგში – ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ნატო-სთვის“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის თქმით, ნატო-მ უნდა მოახდინოს რეაგირება იმასთან დაკავშირებით, რა ხდება აზიაში, არა იმიტომ, რომ ნატო არის გლობალური უსაფრთხოების ალიანსი, არამედ იმიტომ, რომ ის, რაც ხდება იქ, მნიშველოვანია ნატოს-თვის და პირიქით.

ჩვენ ასევე უნდა გავაცნობიეროთ ის ფაქტი, რომ საუბარი არ არის ნატო-ს აზიაში შესვლაზე, არამედ იმ ფაქტზე, რომ ჩინეთი მოდის ახლოს ჩვენთან. ჩვენ ვხედავთ მათ აფრიკაში, არქტიკაში, ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ცდილობენ კრიტიკული ინფრასტრუქტურის კონტროლს. არცთუ ისე ბევრი წლის წინ ჩვენ გვქონდა დიდი დისკუსია 5G-ის შესახებ და ბევრმა მოკავშირემ თქვა, რომ ეს არის მხოლოდ კომერციული საკითხი. არა, ეს ასევე არის ჩვენი უსაფრთხოების საკითხი. ასე რომ, ყველა ამ მიზეზით, ნატო-მ უნდა მოახდინოს რეაგირება იმასთან დაკავშირებით, რა ხდება აზიაში, არა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ გლობალური უსაფრთხოების ალიანსი, არამედ იმიტომ, რომ ის, რაც ხდება იქ, მნიშველოვანია ჩვენთვის და პირიქით.

მე ვიმყოფებოდი ვიზიტით იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, რომლებიც არიან ნატო-ს ახლო პარტნიორები. ისინი შეშფოთებული არიან, რაც ხდება უკრაინაში, რადგან მათ იციან, რომ რაც მეტი წარმატება ექნება პუტინს უკრაინაში, მით მეტია ალბათობა, რომ ჩინეთმა ძალა გამოიყენოს. ასე რომ, ჩვენ უნდა გვქონდეს გლობალური მიდგომა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ რეგიონული ორგანიზაცია. მსოფლიო არის ურთიერთდაკავშირებული“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.