"გამოიძიეთ..." - მოსამართლეების სანქცირებიდან ერთი წლის თავზე შტატები "ოცნებას" ისევ აფრთხილებს

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოსამართლეების სანქცირებიდან ერთი წლის თავზე ვაშინგტონი თბილისს ისევ აფრთხილებს.
შტატებიდან "ოცნების" ხელისუფლებას მოუწოდებენ, სანქცირებული მოსამართლეების საქმეები შეისწავლონ და სასამართლო სისტემაში რეფორმები გაატარონ.
გამოიღო თუ არა შედეგი ვაშინგტონის მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა? როგორ აფასებს ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოში სასამართლო სისტემაში დღეს არსებულ ვითარებას და არის თუ არა მოსალოდნელი უახლოეს პერიოდში სანქცირებულ მოსამართლეთა წრის გაფართოება? ამ კითხვებით „ამერიკის ხმამ“ სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა.
ამერიკის ხმა : როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტიანი იყო მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძის წინააღმდეგ სანქციები საქართველოს სასამართლო სისტემაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში?
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი ამბობს, რომ მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე 7031-ე მუხლის (C) ქვეპუნქტით დაექვემდებარნენ სავიზო შეზღუდვებს, მნიშვნელოვან კორუფციაში მათი მონაწილეობის გამო.
მილერი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები სასამართლო სექტორის ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად.
[ჩვენს მიერ მიღებული ზომები] ხელს უწყობს ანგარიშვალდებულების დაკისრებას მავნე აქტორებზე, რომლებმაც ისარგებლეს დაუსჯელობით და რომლებიც მუშაობდნენ კანონის უზენაესობის ძირის გამოსათხრელად და ქართული საზოგადოების მხრიდან საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ რწმენის შესალახად.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები ამ პირების მიმართ გამოძიების ჩატარებით, კორუმპირებული აქტორების ანგარიშვალდებულების ხელშესაწყობად და იმუშაოს სასამართლო სექტორის ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად."
ამერიკის ხმის კითხვაზე, როგორ აფასებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს სასამართლო სისტემაში განვითარებულ მოვლენებს, მილერი ხაზგასმით პასუხობს, რომ მართლმსაჯულების სექტორი [საქართველოში] კვლავ საჭიროებს რეფორმას
"მართლმსაჯულების სექტორი [საქართველოში] კვლავ საჭიროებს რეფორმას, ხოლო სასამართლოს სასამართლოს ეფექტიანი რეფორმა არის ერთ-ერთი იმ ცხრა ნაბიჯიდან, რომელიც ევროკავშირმა გამოყო სამოქმედოდ [საქართველოს] გაწევრიანების მისწრაფების დასაწინაურებლად.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს ევროკავშირის რეკომენდაცია, რომ მთავრობამ უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა და განახორციელოს ვენეციის კომისიის მიერ ამ უწყებებთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციები. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მთავრობის მოწოდებას, უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების დაცვა, რადგან ისინი კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან."
განიხილავს თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი სანქცირებული მოსამართლეების სიის გაფართოებას ან საქართველოში კორუფციის აღმოსაფხვრელად, დამატებითი ნაბიჯების გადადგმას - ამ კითხვაზე სახდეპის პრესსპიკერი აცხადებს, რომ, სახელმწიფო დეპარტამენტი წინასწარ არ განიხილავს 7031(C) პუნქტით მოსალოდნელ ან სამომავლო შეზღუდვებს.
7031(C) პუნქტის მოთხოვნის თანახმად, სახელმწიფო მდივანმა საჯაროდ ან კერძო საუბარში, უნდა გამოაცხადოს უცხოელი ოფიციალური პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ შეზღუდვების დაწესება, რომლებზეც სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ ისინი მნიშვნელოვან კორუფციაში ან ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებში არიან ჩართული.
დეპარტამენტი გააგრძელებს ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყნებებას, მათ შორის, სავიზო შეზღუდვებისაც, კორუმპირებულ აქტორებზე ანგარიშვალდებულების დაკისრების ხელშესაწყობად, გლობალური მასშტაბით."
რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, რა პოზიცია აქვს სახელმწიფო დეპარტამენტს საკითხზე, რომ საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს მოსამართლეებს და მოითხოვს მათ მიმართ სანქციების მოხსნას - მილერი ამბობს, რომ "სახელმწიფო დეპარტამენტი გააგრძელებს ყველა არსებული ინსტრუმენტის გამოყენებას გლობალურად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში."