ვიმეორებ, შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან - ბორელი რუსულ კანონზე
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსულ კანონთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ - განცხადება ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა გააკეთა.
ჯოზეფ ბორელი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ კანონპროექტის ხელმეორედ ინიციირებით საკუთარი ვალდებულება არ შეასრულა.
აღნიშნული კანონი პარლამენტში იყო წარდგენილი და საქართველოს მთავრობამ ვალდებულება აიღო, რომ ამ კანონპროექტს გაიწვევდა და თავიდან აღარ წარადგენდა. ეს არ შესრულდა. ევროკომისარმა ვარჰეიმ და მე, გასულ კვირას განცხადება გავავრცელეთ, რომელშიც ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია. ვიმეორებ, ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია. ევროკომისიამ აღნიშნული მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით ანგარიში უნდა წარადგინოს. ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ ფაქტით, რომ ეს კანონი პარლამენტში თავიდან წარადგინეს“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა დღეს, 22 აპრილს გაიმართა, რომელსაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი თემა საქართველოში განვითარებული პროცესები იყო.
დღის წესრიგის მიხედვით, განხილვის მთავარი თემა ომში ჩართული ქვეყანა, უკრაინაა. შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების პაკეტის შემდეგ, უკვე ევროკავშირი მსჯელობს უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებაზე.