"ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ სანქციებს უყოყმანოდ დავაწესებდით" - მილერი
დაუწესდებათ თუ არა სანქციები რუსული კანონის მიმღებ "ოცნების" დეპუტატებს - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ სანქციების ახალი პოლიტიკა უკვე შემუშავებულია.
"გამოვაცხადეთ სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა. აუცილებლად უნდა ელოდოთ, რომ აშშ ამის მიხედვით იმოქმედებს" - აცხადებს სახ.დეპის პრესსპიკერი და იქვე დასძენს, რომ ივანიშვილის გუნდის ლიდერებს შესაძლოა, სამომავლოდ ინდივიდუალური სანქციები დაუწესდეთ.
მეთიუ მილერი რუსულ კანონთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გამოთქვამს შეშფოთებას და ამბობს, რომ კანონი ახშობს განსხვავებულ აზრს და ზღუდავს ადამიანთა თავისუფლებას.
საკმაოდ შეშფოთებულები ვართ, რადგან ამ კანონს საქართველო დემოკრატიული ტრაექტორიიდან გადაჰყავს, სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას ახდენს და ზღუდავს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ეს ქმედებები ფუნდამენტურად ცვლის ამერიკის ურთიერთობებს საქართველოსთან. ამიტომაც დავიწყეთ ჩვენი ურთიერთობის გადახედვა და გვექნება პასუხი ნაბიჯებზე, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა.
ჩვენ გამოვაცხადეთ სანქციების ახალი პოლიტიკა. ჯერ არ გვაქვს გამოცხადებული ინდივიდუალური სანქციები და ამაზე გავჩერდები. მაგრამ ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არ ვიყოყმანებთ მათ დაწესებაზე. სახელმწიფო მდივანმა გააკეთა განცხადება, რომელშიც საუბარი იყო საქართველოსთან ჩვენი პოლიტიკის ყოვლისმომცველ გადახედვაზე, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ასობით მილიონ დოლარს, რომელსაც საქართველოს დასახმარებლად ვაწვდიდით. ასევე გამოვაცხადეთ სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა, აუცილებლად უნდა ელოდოთ, რომ აშშ ამის მიხედვით იმოქმედებს. აქ შევჩერდები", - ამბობს მილერი.
24 მაისი "ქართული ოცნებისთვის" კოშმარული ამბით დაიწყო. სახელმწიფო დეპარტამენტმა ივანიშვილის რეჟიმისთვის სავიზო სანქციების დაწესები გადაყევეტილება მიიღო. შეზღუდვები გავრცელდება არა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებზე, არამედ მათი ოჯახის წევრებზეც. ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილებამ "ოცნებას" ნამდვილი შავი პარასკევი გაუთენა. მდიდარი ჩინოვნიკების და მათი ოჯახის წევრების ამერიკული არდადეგები გაუქმებულია, თუმცა სანქციები მხოლოდ ამერიკაში მოგზაურობის შეზღუდვით არ დასრულდება.