საპრეზიდენტო არჩევნები პერუში- ქვეყნის ახალ ლიდერად სოფლის მასწავლებელი აირჩიეს

20.07.21 18:42
საპრეზიდენტო არჩევნები პერუში- ქვეყნის ახალ ლიდერად სოფლის მასწავლებელი აირჩიეს

პერუს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრამემარცხენე რადიკალური პარტია ,,თავისუფალი პერუს" ხელმძღვანელმა, წარსულში სკოლის მასწავლებელმა, გაიმარჯვა - ამის შესახებ გამოცემა DW წერს.  გერმანული საიტის ინფორმაციით, პედრო კასტილნომ ხმების 50,12% აიღო და პერუს პრეზიდენტი გახდა. 

სოფლის სკოლის ყოფილი მასწავლებელი საარჩევნო კამპანიის პერიოდში სოციალურ რეფორმებსა და ქვეყნის სიმდიდრის თანაბარ გადანაწილებაზე აკეთებდა აქცენტს, რითაც ღარიბი მოსახლეობის მხარდაჭერა დაიმსახურა. 

პედრო კასტილნოს 8,8 მილიონმა ამომრჩეველმა მისცა ხმა. მისმა კონკურენტმა, მემარჯვენე პარტია ,,სახალხო ძალის" ლიდერმა, ექსპრეზიდენტ ალბერტო ფუხიმორის ქალიშვილმა, კეიკო ფუხიმორიმ კი - 44 ათასი ხმით ნაკლები.

2020 წლის ნოემბერში პერუს კონგრესმა პრეზიდენტ მარტინ ვისკარუს იმპიჩმენტი გამოუცხადა. ქვეყანას სათავეში მანუელ მერინო ჩაუდგა, თუმცა აღნიშნულ ცვლილებას მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ერთ-ერთი ასეთი აქციის დროს პოლიციამ 2 აქტივისტი სიცოცხლეს გამოასალმა და ახლადდანიშნული პრეზიდენტი იძულებული გახდა, გადამდგარიყო. 

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ პერუს ახალი პრეზიდენტის წინაშე ბევრი სერიოზული გამოწვევაა. მათ შორის, ქვეყანაში მძლავრი პოლიტიკური პოლარიზაცია, უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი, კოვიდპანდემია და კორუფციის არნახული ზრდა.