წვრთნების გადადება ასახავს საქართველოსთან თავდაცვის თანამშრომლობის გადახედვის მოთხოვნას - შაჰინი

"რთული მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა" - ასე აფასებს სენატორი ჯინ შაჰინი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთან სამხედრო წვრთნების უვადოდ გადადებას.
სენატორი სოციალურ ქსელ "X"-ზე წერს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" მიერ რუსული კანონის მიღების შემდეგ საქართველოსთან თავდაცვის თანამშრომლობის გადახედვის აუცილებლობა გაჩნდა.
თავდაცვის დეპარტამენტის რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოში მომავალი სამხედრო წვრთნების გადადების შესახებ. ეს შეფერხება ასახავს, იმ საკანონმდებლო ძალისხმევას, რომელიც კომიტეტში, თავდაცვის ავტორიზაციის აქტით იქნა მიღებული და რომელიც მოითხოვს საქართველოსთან თავდაცვის თანამშრომლობის გადახედვას უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღების შემდეგ" - აცხადებს შაჰინი.
აშშ-მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო - ამ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
ირკვევა, რომ სწავლება თავდაპირველად იყო დაგეგმილი 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე, თუმცა ახლა საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.
განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის პოლიტიკას უკავშირდება.