NATO-ს 75-ე დეკლარაციის ტექსტში საქართველო მხოლოდ ერთხელ, უკრაინის და მოლდოვის კონტექსტშია მოხსენიებული

11.07.24 10:16
NATO-ს 75-ე დეკლარაციის ტექსტში საქართველო მხოლოდ ერთხელ, უკრაინის და მოლდოვის კონტექსტშია მოხსენიებული

16 წლის შემდეგ პირველად - ნატო საქართველოსთვის მიცემულ დაპირებებს აღარ იმეორებს.  შემაჯამებელ კომუნიკეში, რომელიც ნატოს 75-ე საიუბილეო სამიტის ფარგლებში მიიღეს, 
ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ერთხელ, მოლდოვისა და უკრაინის კონტექსტშია ნახსენები.

"მოვუწოდებთ რუსეთს, თავისი ძალები, რომლებიც თანხმობის გარეშეა განლაგებული,  მოლდოვიდან და საქართველოდან გაიყვანოს" - წერია დოკუმენტში. 

კომუნიკედან გამქრალია ჩანაწერები ბუქარესტის სამიტის სულისკვეთების შესახებ, რომლითაც ნატო ყოველთვის ადასტურებდა, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდებოდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ასევე აღარაფერს წერს პარტნიორობის, პოლიტიკური დიალოგის, ან პრაქტიკული თანამშრომლობის შესახებაც.

საყურადღებოა, რომ 2023 წლის ვილნიუსის სამიტის დეკლარაციაში საქართველო 13-ჯერ იყო მოხსენიებული. დოკუმენტში ქვეყანას ქვეთავი მიეძღვნა. ჩანაწერში საუბარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას ეხებოდა.