უკრაინამ რუსეთის ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანაზე იერიში მიიტანა
რუსეთი აცხადებს, რომ მის ტერიტორიაზე დრონებით მასიური თავდასხმა განხორციელდა. ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამით 110 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, მათგან 43 კურსკის ოლქის თავზე, 27 ლიპეცკის ოლქის თავზე, 18 ორიოლის ოლქზე, 8 ნიჟნი ნოვგოროდის ოლქზე, 6 ბრაიანსკის ოლქზე და 1 მოსკოვის რეგიონში.
რუსული ტელეგრამის არხები ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში, ძერჟინსკში სვერდლოვის თავდაცვის ქარხანაზე თავდასხმის შესახებ იუწყებიან. ქარხანა ასაფეთქებელ ნივთიერებებს აწარმოებს და აშშ-ს და ევროკავშირის მიერ არის სანქცირებული.
მოგვიანებით ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის გუბერნატორმა გლებ ნიკიტინმა დაწერა, რომ უპილოტო საფრენი აპარატის შეტევა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოიგერია. მისივე ცნობით, დაშავდა სახანძრო სამსახურის ოთხი თანამშრომელი.
გარდა ამისა, მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა მოსკოვის მიმართულებით უპილოტო საფრეი აპარატის განადგურების შესახებ განაცხადა.