"დაუყოვნებლივ ვუპასუხებთ" - ბაიდენის გადაწყვეტილების შემდეგ რუსეთი იმუქრება
ბაიდენის გადაწყვეტილებას, რომლითაც უკრაინას აშშ-ის იარაღის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენების შეზღუდვა მოუხსნა, რუსეთის ფედერაციაში "უპრეცედენტო ნაბიჯი" უწოდეს. ოკუპანტ ქვეყანაში აცხადებენ, რომ ეს მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი იქნება. საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ ჯაბაროვის თქმით, მოსკოვი აშშ-ს ამ ნაბიჯს "დაუყოვნებლივ უპასუხებს".
ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი მესამე მსოფლიო ომის დასაწყებად და ამერიკელები ამას გააკეთებენ წასული მოხუცის ხელით, რომელიც ორ თვეში საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებელი აღარ იქნება, - განაცხადა ჯაბაროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ კი განაცხადა, რომ კრემლის მმართველმა პუტინმა ამ თემაზე უკვე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ სექტემბერში რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შორი მოქმედების რაკეტებით დარტყმის ნებართვა ნიშნავს ნატოს „პირდაპირ მონაწილეობას“ ომში.