ევროკავშირი რუს პროპაგანდისტ თინა კანდელაკს ასანქცირებს

14.12.24 12:33
ევროკავშირი რუს პროპაგანდისტ თინა კანდელაკს ასანქცირებს

13 დეკემბერს, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ მომავალ კვირას ევროკავშირის წინააღმდეგ ჰიბრიდული თავდასხმების გამო რუსული დაზვერვის აგენტების დასანქცირებას აპირებენ.

AFP-ის ინფორმაციით დაგეგმილია, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სანქციების ახალ სიას ორშაბათს, 16 დეკემბერს დაამტკიცებენ. 

ევროკავშირი და ნატო მოსკოვს ინციდენტების სერიაში ადანაშაულებენ, რომელიც იმ დასავლური სახელმწიფოების დესტაბილიზაციას ისახავდა მიზნად, რომლებმაც უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია დაგმეს.

გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთისა და ესტონეთის მთავრობებმა განაცხადეს, რომ გამოავლინეს ფარული ოპერაციები და ინციდენტები, მათ შორის, ხანძრები, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში კრემლის სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული.

როგორც AFP ბრიუსელში დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, სანქციების სიაში თექვსმეტი პირი და სამი ორგანიზაცია მოხვდება. სანქცირებულთა შორის იქნებიან ГРУ-ს და სხვა რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლები.

სამომავლო სანქციების სიაში იქნება შპს Структура-ს ხელმძღვანელი ნიკოლაი ტუპიკინი, ევროკავშირის ოფიციალური პირების თქმით, ის ხელმძღვანელობდა ოპერაცია Doppelganger-ს („ორეული“).

სანქცირებულთა შორის იქნება ტელეწამყვანი და გაზპრომის მედიის გენერალური დირექტორის მოადგილე, რუსი პროპაგანდისტი თინათინ (თინა) კანდელაკი. ევროკავშირის ოფიციალური პირების განცხადებით, უკრაინაში რუსული აგრესიის გასამართლებელი პროპაგანდითაა დაკავებული. ოკუპირებულ ტერიტორიებზე კანდელაკის მედია-სტრუქტურები მონაწილეობდნენ უკრაინული ტელეარხების რუსულით ჩანაცვლებაში.

მსგავსი სიახლეები