ძლიერ ციკლონს მაიოტაში ასობით ადამიანი ემსხვერპლა
ასობით ადამიანი ემსხვერპლა სტიქიას მაიოტის არქიპელაგზე. ტროპიკულმა ქარიშხალმა “ჩიდომ“ სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა გაანადგურა.
ადგილობრივი პრეფექტის ინფორმაციით, 250-ი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. დაღუპულებს და დაზარალებულებს სტიქიის ეპიცენტრში ახლაც ეძებენ.
კუნძულ მაიოტზე საფრანგეთმა უკვე გააგზავნა მედიკამენტები და ჰუმანიტარული დახმარება. კატასტროფის შედეგების მოსაგვარებლად გაიგზავნა სამხედრო და სამაშველო პერსონალიც.
ციკლონმა „ჩიდომ“ მაიოტას ღამით დაარტყა. „მეტეო-ფრანსის“ მონაცემებით, ქარის სიჩქარემ 200 კმ/სთ-ს გადააჭარბა. დაზიანდა საცხოვრებელი, სამთავრობო შენობები და საავადმყოფო. სინოპტიკოსების შეფასებით, კუნძულებს ასეთი ძლიერი ქარიშხალი 90 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ დასტყდომია თავს.