აშშ-ში კერძო თვითმფრინავი შენობას შეეჯახა - არის მსხვერპლი
ქალაქ ფულერტონში (სამხრეთ კალიფორნია, აშშ) კერძო ოთხადგილიანი თვითმფრინავი სამრეწველო შენობის სახურავს დაეჯახა. აღნიშნულ შენობაში 200 ადამიანი მუშაობდა. ინციდენტი 2 იანვარს მოხდა, იტყობინება Associated Press.
ავიაკატასტროფის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა. პოლიციას მსხვერპლების ვინაობა ჯერ არ დაუდგენია. უცნობია ესენი თვითმფრინავის მგზავრები იყვნენ თუ დაზიანებული საწარმოს თანამშრომლები. ცხრა დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სააგენტოს ცნობით, თვითმფრინავი ფულერტონის მუნიციპალური აეროპორტიდან აფრენიდან ორ წუთზე ნაკლებ დროში ჩამოვარდა. აეროპორტის თანამშრომელმა კრის ვილალობოსმა თქვა, რომ აფრენის შემდეგ პილოტმა საჰაერო მოძრაობის კონტროლს უთხრა, რომ აპირებდა შემობრუნებას და ავარიულ დაშვებას. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
აიაკატასტროფის მიზეზებს სატრანსპორტო უსაფრთხოების ეროვნული საბჭო იძიებს.