დავასრულებ ომს უკრაინაში, ქაოსს ახლო აღმოსავლეთში და შევაჩერებ მესამე მსოფლიო ომს, რომელთანაც ძალიან ახლოს ვართ - ტრამპი
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, პრეზიდენტობის პირველივე დღეს ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებებს და გამოიყენებს თავის საპრეზიდენტო უფლებამოსილებებს მასობრივი დეპორტაციის ოპერაციების დასაწყებად, გარემოსდაცვითი რეგულაციების შესამცირებლად და მრავალფეროვნების პროგრამების დასასრულებლად.
როგორც ტრამპმა ინაუგურაციის წინა დღეს მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, “ის დაასრულებს ომს უკრაინაში, ქაოსს ახლო აღმოსავლეთში და შეაჩერებ მესამე მსოფლიო ომს, რომელთანაც ძალიან ახლოს ვართ.“
დიდი ხნის განმავლობაში ვაძლიერებდით სხვა ქვეყნებს, ვიცავდით მათ საზღვრებს და ტერიტორიებს, ახლა კი ჩვენ დავიწყებთ ჩვენი ქვეყნის შენებას, დავიცავთ ჩვენს საზღვრებს და ვიზრუნებთ ჩვენს მოსახლეობაზე. ჩვენ ვიქნებით თავისუფალი, ძლიერი, მდიდარი და ამაყი ქვეყანა და ეს დაიწყება ხვალიდან. მე დავასრულებ ომს უკრაინაში, ქაოსს ახლო აღმოსავლეთში და შევაჩერებ მესამე მსოფლიო ომს, რომელთანაც ძალიან ახლოს ვართ.
გავაუქმებთ წინა ადმინისტრაციის მიერ მიღებულ ყველა რადიკალურ და სულელურ გადაწყვეტილებას, რამდენიმე საათში, მას შემდეგ, რაც ფიცს დავდებ. ძალიან მალე დავიწყებთ დეპორტაციის მასშტაბურ ოპერაციას, უფრო მასშტაბურს, ვიდრე ეს პრეზიდენტ ეიზენჰაუერის დროს იყო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება.
ფიცის დადების ცერემონია თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. დონალდ ტრამპი ფიცს უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის, ჯონ რობერტსის წინაშე, ბიბლიაზე დადებს.