"ვულოცავთ დონალდ ტრამპს, მოუთმენლად ველოდებით პარტნიორობის გაგრძელებას" - კალასი
დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტად დანიშვნას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი ულოცავს.
კაია კალასი პლატფორმა X-ზე წერს, რომ პარტნიორობის გაგრძელებას მოუთმენლად ელოდება.
ვულოცავთ დონალდ ტრამპს მეორე ვადის ინაუგურაციას. ტრანსატლანტიკურმა კავშირმა კეთილდღეობა და ძალა მოუტანა ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს. ერთად ჩვენ უფრო ძლიერად და უსაფრთხოდ ვუმკლავდებით გლობალურ გამოწვევებს. მოუთმენლად ველოდებით ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებას'', - წერს კაია კალასი.
დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა - ტრამპმა უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის, ჯონ რობერტსის წინაშე, ბიბლიაზე ფიცი დადო.
დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ამერიკელი კანონმდებლები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებიან. ასევე დარბაზში ოთხი ყოფილი პრეზიდენტი: ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში, ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი იმყოფებიან.
ინაუგურაციის ცერემონიას ასევე ესწრება რამდენიმე უცხოელი ლიდერი, მათ შორის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
ტრადიციულად, პრეზიდენტების ინაუგურაციის ცერემონიები კაპიტოლიუმის შენობის გარეთ იმართება, თუმცა, მოსალოდნელი ცივი ტემპერატურის გამო, იძულებული გახდნენ, ეს ტრადიცია დაერღვიათ და ფიცის დადების ცერემონია კაპიტოლიუმის შენობის როტონდაში დაეგეგმათ.
ცნობისთვის, ამერიკის ისტორიაში ტრამპი მეორე პრეზიდენტია, რომელმაც თეთრი სახლი ერთი ვადის გამოტოვებით დაიკავა და ყველაზე ასაკოვანი კანდიდატი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო.