ვულოცავ პრეზიდენტ ტრამპს, დღეს ცვლილებებისა და ბევრი პრობლემის გადაჭრის დღეა - ზელენსკი

20.01.25 22:33
ვულოცავ პრეზიდენტ ტრამპს, დღეს ცვლილებებისა და ბევრი პრობლემის გადაჭრის დღეა - ზელენსკი

დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზინდეტად დანიშვნას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი ულოცავს. 

ომში ჩართული პრეზიდენტი აშშ-სთან აქტიურ და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას ელის.

ვულოცავ პრეზიდენტ ტრამპს და ამერიკელ ხალხს შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციას. დღეს ცვლილებების დღეა და ასევე ბევრი პრობლემის გადაჭრის იმედის დღე, მათ შორის გლობალური გამოწვევების. პრეზიდენტი ტრამპი ყოველთვის მტკიცეა და მის მიერ გამოცხადებული მშვიდობის პოლიტიკა, იძლევა შესაძლებლობას გააძლიეროს ამერიკის ლიდერობა და მიაღწიოს გრძელვადიან და სამართლიან მშვიდობას, რაც მთავარი პრიორიტეტია.

ეს საუკუნე სწორედ ახლა ყალიბდება და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა უზრუნველყოთ, რომ ეს იყოს დიდი და წარმატებული საუკუნე დემოკრატიებისთვის და არა მათთვის, ვისაც ჩვენი მარცხი სურს. გისურვებთ წარმატებებს, პრეზიდენტო ტრამპ! ველით აქტიურ და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას. ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ და შეგვიძლია უზრუნველვყოთ უფრო მეტი უსაფრთხოება, სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა მსოფლიოსა და ჩვენი ორი ქვეყნისთვის'', - წერს ვლოდიმერ ზელენსკი. 

დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა - ტრამპმა უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის, ჯონ რობერტსის წინაშე, ბიბლიაზე ფიცი დადო.

დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ამერიკელი კანონმდებლები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებიან. ასევე დარბაზში ოთხი ყოფილი პრეზიდენტი: ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში, ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი იმყოფებიან. 

ინაუგურაციის ცერემონიას ასევე ესწრება რამდენიმე უცხოელი ლიდერი, მათ შორის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

ტრადიციულად, პრეზიდენტების ინაუგურაციის ცერემონიები კაპიტოლიუმის შენობის გარეთ იმართება, თუმცა, მოსალოდნელი ცივი ტემპერატურის გამო, იძულებული გახდნენ, ეს ტრადიცია დაერღვიათ და ფიცის დადების ცერემონია კაპიტოლიუმის შენობის როტონდაში დაეგეგმათ.

ცნობისთვის, ამერიკის ისტორიაში ტრამპი მეორე პრეზიდენტია, რომელმაც თეთრი სახლი ერთი ვადის გამოტოვებით დაიკავა და  ყველაზე ასაკოვანი კანდიდატი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო.