"გილოცავთ, პრეზიდენტო დონალდ ტრამპ, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, კვლავ ვიმუშაოთ ერთად" - ტრუდო
კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტად წარდგენას ულოცავს.
ჯასტინ ტრუდო პლატფორმა X-ზე წერს, რომ კანადასა და აშშ-ს ეკონომიკური პარტნიორობის გაგრძელების შესაძლებლობა აქვთ.
გილოცავთ, პრეზიდენტო დონალდ ტრამპ. კანადასა და აშშ-ს მთელ მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ეკონომიკური პარტნიორობა აქვთ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, კვლავ ვიმუშაოთ ერთად – შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი და კეთილდღეობა ორივე ერისთვის", - წერს ტრუდო.
დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა - ტრამპმა უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის, ჯონ რობერტსის წინაშე, ბიბლიაზე ფიცი დადო.
დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ამერიკელი კანონმდებლები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებიან. ასევე დარბაზში ოთხი ყოფილი პრეზიდენტი: ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში, ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი იმყოფებიან.
ინაუგურაციის ცერემონიას ასევე ესწრება რამდენიმე უცხოელი ლიდერი, მათ შორის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
ტრადიციულად, პრეზიდენტების ინაუგურაციის ცერემონიები კაპიტოლიუმის შენობის გარეთ იმართება, თუმცა, მოსალოდნელი ცივი ტემპერატურის გამო, იძულებული გახდნენ, ეს ტრადიცია დაერღვიათ და ფიცის დადების ცერემონია კაპიტოლიუმის შენობის როტონდაში დაეგეგმათ.
ცნობისთვის, ამერიკის ისტორიაში ტრამპი მეორე პრეზიდენტია, რომელმაც თეთრი სახლი ერთი ვადის გამოტოვებით დაიკავა და ყველაზე ასაკოვანი კანდიდატი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო.