ტრამპმა 2021 წელს კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ბრალდებული 1500-მდე პირი შეიწყალა
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მასობრივად შეიწყალა თითქმის ყველა, დაახლოებით 1 500, პირი, ვისაც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ედებოდა ბრალი - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
შეწყალებასთან ერთად, ტრამპმა ასევე იუსტიციის დეპარტამენტს მოუწოდა, შეწყვიტოს "ყველა განსახილველი საბრალდებო აქტი", რომელიც კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ბრალდებული პირების წინააღმდეგ იყო დარჩენილი.
”ესენი არიან მძევლები. შეწყალება დაახლოებით 1 500-სთვის - სრული შეწყალება. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ისინი დღეს საღამოს გამოვლენ", - განაცხადა ტრამპმა.
CNN-ის ცნობით, ტრამპმა სრულად შეიწყალა ასობით ადამიანი, რომლებიც უკვე ნასამართლევი არიან ისეთი მძიმე დანაშაულებისთვის, როგორიცაა პოლიციაზე თავდასხმა და ქონების განადგურება.
ამერიკის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ასევე სასჯელი შეუმსუბუქა ულტრამემარჯვენე დაჯგუფებების, Proud Boys-ისა და Oath Keepers-ების, 14 წევრს.
- აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების შემდეგ 2021 წლის 6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერები შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. შტურმის დროს აშშ-ს კონგრესი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ოფიციალურად ამტკიცებდა. კონგრესის შენობაში შეჭრის და არეულობის შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაშავდა 100-ზე მეტი. ტრამპი სოციალური ქსელებში დაბლოკეს.
- კაპიტოლიუმზე თავდასხმის წახალისებაში ბრალი თავად ყოფილ პრეზიდენტს დასდეს, რის გამოც, უკვე მეორედ, მოეწყო მისი იმპიჩმენტის პროცესი. დონალდ ტრამპი აშშ-ს ისტორიაში ერთადერთი პრეზიდენტია, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. 14 თებერვალს აშშ-ს სენატმა იმპიჩმენტის პროცესში ტრამპის მსჯავრდადებას მხარი არ დაუჭირა.