ტრამპმა დაბადებისთანავე მოქალაქეობის მინიჭების პრინციპის გაუქმებას ხელი მოაწერა

21.01.25 12:49
ტრამპმა დაბადებისთანავე მოქალაქეობის მინიჭების პრინციპის გაუქმებას ხელი მოაწერა

დონალდ ტრამპმა დაბადებისთანავე მოქალაქეობის მინიჭების პრინციპის გაუქმებას ხელი მოაწერა.

ბრძანების მიხედვით, უნდა მოხდეს აღნიშნული შესწორების ინტერპრეტირება ისე, რომ ფედერალურმა სააგენტოებმა აშშ-ში დაბადებულ ბავშვს მოქალაქეობა მიანიჭონ იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მშობელი მაინც ან აშშ-ის მოქალაქეა, ან აქვს "მწვანე ბარათი" (Green card), იგივე ამერიკაში უვადოდ ცხოვრების უფლების მოწმობა.

ტრამპის ბრძანება, სავარაუდოდ, გასაჩივრებული იქნება.

ამჟამად, აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორების თანახმად, ნებისმიერი პირი, რომელიც აშშ-ის ტერიტორიაზე დაიბადება, ამერიკის მოქალაქეა.

უფლებამოსილების პირველ დღეს ტრამპის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს შორისაა:

  • აშშ-ის გასვლა პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან;
  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან (WHO) გასვლის პროცესის დაწყება;
  • „საგანგებო მდგომარეობის“ გამოცხადება ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე, რაც აშშ-ის ჯარების სამხრეთ საზღვარზე გაგზავნას ითვალისწინებს;
  • აშშ-ში დაბადებულთათვის მოქალაქეობის ავტომატურად მინიჭების გაუქმება. თუმცა მოსალოდნელია, რომ ეს ბრძანება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის აშშ-ის კონსტიტუციასთან, სამართლებრივი დაბრკოლებების წინაშე აღმოჩნდება;
  • ნარკოკარტელების უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადება;
  • ორი ბიოლოგიური სქესის განსაზღვრა და მრავალფეროვნების პროგრამების შეჩერება;
  • ბრძანება ფედერალურ მთავრობისადმი, აღადგინოს სიტყვის თავისუფლება და ხელი შეუშალოს ცენზურას;
  • მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის შექმნა, რომელიც არის საკონსულტაციო საბჭო და არა ოფიციალური სამთავრობო დეპარტამენტი. მას ილონ მასკი და ვივეკ რამასვამი უხელმძღვანელებენ;
  • TikTok-ის აკრძალვის აღსრულების 75 დღით გადავადება;
  • მექსიკის ყურისთვის ამერიკის ყურის დარქმევა და დენალის მთისთვის ძველი სახელის, მაკკინლის მთის დაბრუნება.

მსგავსი სიახლეები