მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის დელეგაციას ზელენსკი უხელმძღვანელებს

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის დელეგაციას პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უხელმძღვანელებს - ინფორმაციას Associated Press-ი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
ერმაკის თქმით, უკრაინის დელეგაცია წარადგენს ქვეყნის პოზიციას ომის დასრულებასთან დაკავშირებით და შეხედულებებს იმის შესახებ, თუ როგორ მიაღწიონ გრძელვადიან მშვიდობას.
- ღონისძიებას ასევე დაესწრებიან აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ჯეი დი ვანსი და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში კიტ კელოგი.
ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ამ ომის დასრულებასთან სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობით, მაგრამ აუცილებელია ერთად ვიყოთ, არ მივცეთ რუსეთს მსოფლიოს გაყოფის, პარტნიორების გაყოფის შესაძლებლობა“, - აღნიშნა ერმაკმა.
"პირველების" ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება. საქართველოს პრეზიდენტს არა მხოლოდ ორმხრივი შეხვედრები ექნება, არამედ ის პანელურ დისკუსიაშიც მიიღებს მონაწილეობას.
წინასწარი ინფორმაციით, მიუნხენის კონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩასვლას ელოდებიან. არის მოლოდინი, რომ მიუნხენში შემდეგ შაბათ-კვირას მსოფლიოს დიდი პოლიტიკური კრიზისის და რუსეთ-უკრაინის ომის ბედი უნდა გადაწყდეს.
მიუნხენის კონფერენციაზე არ მიიწვიეს "ქართული ოცნების" რეჟიმის არც ერთი წარმომადგენელი. საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთავრობა ამ ღონისძიებაზე არ დაპატიჟეს.
საერთაშორისო იზოლაციის ფონზე, რომელშიც ივანიშვილის რეჟიმია მოქცეული, სალომე ზურაბიშვილი რჩება ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად, რომელსაც დასავლური სამყარო აღიარებს.