აშშ-ს და რუსეთის დელეგაცია საუდის არაბეთშია - დღეს, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გაიმართება
მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში საუდის არაბეთია. ელ-რიადში რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკების მაგიდასთან ცოტა ხანში შტატების და რუსეთის დელეგაცია პირისპირ დასხდებიან.
ელ-რიადში უკვე ჩავიდა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში და ტრამპის წარმორმდგენელი ახლო აღმოსავლეთში. მოსკოვიდან მოლაპარაკების პირველ რაუნდს სერგეი ლავროვთან ერთად პუტინის თანაშემწე და საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, სერგეი ნარიშკინი დაესწრებიან. საუდის არაბეთში დაგეგმილ მოლაპარაკებაში უკრაინის წარმომადგენლები ამ ეტაპზე არ მონაწილეობენ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამასთან დაკავშირებით უკვე გააკეთა კომენტარი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ "უკრაინა უკრაინის გარეშე გამართულ ნებისმიერ მოლაპარაკებებს უშედეგოდ თვლის".
"ჩვენ არ ვაღიარებთ ჩვენს გარეშე შეთანხმებებს", - აცხადებს ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი.
ზელენსკი შეეხო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას რუსეთის მიმართ და თქვა, რომ
"აშშ დღეს ამბობს იმას, რაც პუტინს ესიამოვნება, რათა ომი სწრაფად დაასრულოს".
საუდის არაბეთში გამგზავრებამდე მარკო რუბიო ამბობდა, რომ მოლაპარაკებები წარმატებული იქნება, თუ მასში უკრაინაც ჩაერთვება.
„პრეზიდენტი ტრამპი როდესაც კენჭს იყრიდა, მან ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ეს ომი უნდა შეჩერდეს და ის თუ ხედავს ამის დასრულების შესაძლებლობას, რასაც ის ეძებს, ჩვენ მას გამოვიყენებთ. საბოლოოდ ეს მიაღწევს ეტაპს, თუ იქნება რეალური მოლაპარაკებები. ჩვენ ჯერ არ მიგვიღწევია ამისთვის, თუმცა ეს თუ მოხდება, უკრაინა უნდა ჩაერთოს, რადგან ეს არის ქვეყანა, სადაც შეიჭრნენ და ევროპლებიც უნდა ჩაერთონ, რადგან მათ სანქციები აქვთ დაწესებული პუტინის, რუსეთის წინააღმდეგ და მათ წვლილი შეიტანეს ამ ძალისხმევაში. ჩვენ უბრალოდ ჯერ ამისთვის არ მიგვიღწევია, თუმცა იმედი მაქვს, რომ მივაღწევთ, რადგან ჩვენ გვსურს, ვნახოთ ამ ომის დასრულება", - განაცხადა რუბიომ.
17 თებერვალს, საუდის არაბეთში გამგზავრების წინ, კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც და განაცხადა, რომ "აშშ-ის წარმომადგენლები მსჯელობენ, როგორ მიუდგნენ „უკრაინის კრიზისს" და კომპრომისებზე საუბრისას უკვე ახსენებენ ტერიტორიების დათმობის თემას. ლავროვის თქმით, „აშშ უკრაინის კრიზისში დასაწყისიდანვე ასრულებს მთავარ როლს” და მასვე შეუძლია ხელი შეუწყოს მოგვარებას.
მოლაპარაკაბებამდე ერთი დღით ადრე კი პარიზში ევროპელი ლიდერების საგანგებო შეხვედრა გაიმართა.
სამიტის შემდეგ გაკეთებული კომენტარების თანახმად, ლიდერებმა უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის როლზე და მომავალში თავდაცვის გაძლიერებაზე იმსჯელეს.
- საგანგებო შეხვედრას ესწრებოდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი, პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი, იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ესპანეთის პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, დანიის პრემიერმინისტრი მეტე ფრედერიკსენი და სხვა მაღალჩინოსნები.