უკრაინაში ეკონომიკური ინტერესების დაცვა უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად უნდა მოხდეს - კალასი

28.02.25 10:23
უკრაინაში ეკონომიკური ინტერესების დაცვა უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად უნდა მოხდეს - კალასი

"აშშ-სა და უკრაინას შორის მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმება არ შეიძლება იყოს წმინდა ეკონომიკური, რადგან ომის დროს საჭიროა უსაფრთხოების გარანტიები" - ამის შესახებ კაია კალასმა განაცხადა.    

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში "ჰადსონის ინსტიტუტში" პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ უკრაინაში მხოლოდ  ეკონომიკური ინტერესების დაცვა არ კმარა, რადგან "მსხვილი ამერიკული კომპანიები უკრაინაში მუშაობდნენ როგორც ომამდე, ისეც ახლა, მაგრამ ამან ქვეყანა ვერ იხსნა რუსეთის შეჭრისა და დაბომბვისგან".

ვისმენ აზრს, რომ ეკონომიკური შეთანხმება, როგორც ასეთი, უკვე უსაფრთხოების გარანტიაა, მაგრამ არა მგონია, რომ ასე იყოს. ახლაც არიან კომპანიები, ამერიკული კომპანიები უკრაინაში, რომლებიც მოქმედებენ იქ და ქვეყანა კვლავ ყოველდღიურად იბომბება. ასე რომ, ეს ნამდვილად არ მუშაობს ისე, რომ თუ თქვენ გყავთ ამერიკელები, მაშინ რუსები იტყვიან: „კარგი, ჩვენ მათ აღარ ვბომბავთ“. ასე რომ, საჭიროა უსაფრთხოების სანდო გარანტიები. ვფიქრობ, უკრაინასა და ამერიკას შორის შეთანხმებები კარგია იმ თვალსაზრისით, თუ ის არის უფრო ფართო თანამშრომლობის საფუძველი“, - აღნიშნა კალასმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა და დონალდ ტრამპს შეხვდება. მხარეებმა მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმებას უნდა მოაწერონ ხელი.

მსგავსი სიახლეები