ზელენსკის თვითმფრინავი ლონდონში დაჯდა

01.03.25 15:53
ზელენსკის თვითმფრინავი ლონდონში დაჯდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ვაშინგტონიდან ლონდონში ჩაფრინდა -ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

BBC დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისზე დაყრდნობით იტყობინება, რომ კირ სტარმერი დღეს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

ხვალ, 2 მარტს, ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში, უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების შესახებ დაგეგმილ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი მასპინძლობს.

სამიტზე მიწვევა 12 ევროპული ქვეყნის ლიდერმა უკვე მიიღო. ლონდონში ხვალ ელოდებიან ნატოს გენერალურ მდივანს და ევროკომისიის პრეზიდენტსაც. ბრიტანეთში ეპატიჟებიან ერდოღანსაც.

გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, თურქეთი მზადაა, უკრაინაში სამშვიდობო მისიისთვის ჯარები გაგზავნოს. სავარაუდოდ, სწორედ ამ საღამოდან დაიწყება ახალი ერა ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რადგან მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს ევროპაში უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს განიხილავენ. 

ცნობისთვის, 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის აუდიენცია შედგა. ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკება მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ოვალურ კაბინეტში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი გუშინვე დატოვეს. შეთანხმება ვერ შედგა. წიაღისეულზე დოკუმენტზე ხელმოწერა ჩაიშალა. ასევე გაუქმდა ორი ლიდერის პრესკონფერენციაც.