"ყველა უკრაინელს სურს მოისმინოს აშშ-ს ძლიერი პოზიცია ჩვენს მხარეს" - ზელენსკი Fox News-თან
ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიის რეალური სტრუქტურა, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთთან განგრძობითი და სამართლიანი მშვიდობა ვერ მიიღწევა.
Fox News-თვის მიცემულ ინტერვიუში, ომშ მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა, ამერიკას გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ "ყველა უკრაინელს სურს მოისმინოს აშშ-ს ძლიერი პოზიცია მათ მხარეს".
ზელენკის ამბობს, რომ "ამერიკის დახმარების გარეშე რთული იქნება, მაგრამ ჩვენ ვერ დავკარგავთ თავისუფლებას".
რაც შეეხება მშვიდობას, უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ის მხოლოდ მაშინ მოვა, როცა ამერიკისგან უსაფრთხოების გარანტიები ექნებათ.
"მე ვერ შევცვლი უკრაინის პოზიციას რუსეთზე. რუსები გვხოცავენ ჩვენ. რუსეთი ჩვენი მტერია და ეს არის რეალობა, რომლის წინაშეც ვართ. უკრაინას უნდა მშვიდობა, მაგრამ ეს უნდა იყოს განგრძობითი და სამართლიანი მშვიდობა. ამისთვის, ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები მოლაპარაკებების მაგიდასთან. მშვიდობა მხოლოდ მაშინ მოვა, როცა გვეცოდინება, რომ გვაქვს უსაფრთხოების გარანტიები, როცა ჩვენი ჯარი იქნება ძლიერი და პარტნიორები ჩვენს გვერდით არიან.
ჩვენ გვინდა მშვიდობა, ამიტომ ჩავედი ამერიკაში და ვეწვიე პრეზიდენტ ტრამპს. მინერალების შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიებისკენ პირველი ნაბიჯია და უფრო გვაახლოებს მშვიდობას. ჩვენი სიტუაცია რთულია, მაგრამ ჩვენ ვერ შევწყვეტთ ბრძოლას, თუ არ გვექნება გარანტიები, რომ პუტინი ხვალ ისევ არ დაბრუნდება.
ამერიკის დახმარების გარეშე რთული იქნება, მაგრამ ჩვენ ვერ დავკარგავთ თავისუფლებას, თავისუფალ ნებას, ან ჩვენს ხალხს. ჩვენ ვნახეთ როგორ მოვიდნენ რუსები ჩვენს სახლებში და დახოცეს ბევრი ხალხი. არავის უნდა ოკუპაციის კიდევ ერთი ტალღა. თუ ჩვენ არ მიგვიღებენ ნატოში, ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიის რეალური სტრუქტურა, ჩვენი პარტნიორებისგან და ამერიკისგან.
რუსეთი შემოიჭრა ჩვენს სახლებში, დახოცა ჩვენი ხალხი და შეეცადა ჩვენს წაშლას. ეს ეხება არა მხოლოდ ტერიტორიებს ან ციფრებს - ეს ეხება რეალურ ცხოვრებას. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა გაიგოს.
მე მინდა, რომ აშშ უფრო მტკიცედ დადგეს ჩვენს მხარეს. ეს არ არის მხოლოდ ომი ჩვენს ორ ქვეყანას შორის; რუსეთმა შემოიტანა ეს ომი ჩვენს ტერიტორიაზე და ჩვენს სახლებში. ისინი არიან მტყუანები, რადგან უპატივცემულობას იჩენენ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ყველა უკრაინელს სურს მოისმინოს აშშ-ს ძლიერი პოზიცია ჩვენს მხარეს. გასაგებია, რომ აშშ-მა შესაძლოა ეძებოს დიალოგი პუტინთან. მაგრამ აშშ ყოველთვის ლაპარაკობდა „მშვიდობაზე ძალის მეშვეობით“ და ჩვენ ერთად შეგვიძლია გადავდგათ ძლიერი ნაბიჯები პუტინის წინააღმდეგ.
ჩვენი ურთიერთობა ამერიკის პრეზიდენტთან მეტია, ვიდრე მხოლოდ ორი ლიდერის ურთიერთობა; ეს არის ისტორიული და მყარი კავშირი ჩვენს ხალხებს შორის. ამიტომ მე ყოველთვის ვიწყებ ჩვენი ერის ამერიკელი ერისადმი მადლიერების სიტყვებით.
ამერიკელი ხალხი დაეხმარა ჩვენ ხალხს გადარჩენაში. ადამიანი და ადამიანის უფლებები პირველ ადგილზეა. ჩვენ ნამდვილად მადლობელი ვართ. ჩვენ გვინდა მჭიდრო ურთიერთობა ამერიკასთან და მე ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ ეს გვექნება".- განაცხადა ზელენსკიმ.