რაზე შეთანხმდნენ ლიდერები? - სტარმერმა სამიტის შემდეგ უკრაინის დახმარების გეგმა დაასახელა

ლონდონში გამართულ სამიტზე დასავლელი ლიდერები უკრაინის დახმარებისთვის ოთხ ნაბიჯზე შეთანხმდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, კირ სტარმერმა 4 მნიშვნელოვანი ნაბიჯი დაასახელა, რომელზეც შეთანხმება მოხდა:
- ომის მიმდინარეობისას, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელება და რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდა;
- ნებისმიერმა განგრძობადმა მშვიდობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება და უკრაინა უნდა იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებების ნებისმიერ მაგიდასთან;
- სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში, ევროპელი ლიდერები მიზნად დაისახავენ, შეაკავონ რუსეთის მიერ მომავალში უკრაინაში შეჭრა;
- იქნება "მსურველთა კოალიცია", რომელიც დაიცავს უკრაინას და იქნება ქვეყანაში მშვიდობის გარანტი".
"ჩვენ დღეს ისტორიულ გზაჯვარედინზე ვართ... ეს არ არის მეტი საუბრის მომენტი - დროა, ვიმოქმედოთ და გავერთიანდეთ ახალი გეგმის გარშემო სამართლიანი და მტკიცე მშვიდობისთვის" - თქვა სტარმერმა.
„ევროპამ სიმძიმეები უნდა აწიოს”, მაგრამ საჭიროა აშშ-ის მხარდაჭერა"- აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
სტარმერის თანახმად, დღევანდელ სამიტზე ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მალე კვლავ შეხვდნენ, რათა „ტემპი შეინარჩუნონ“ და გააგრძელონ მუშაობა საერთო გეგმისკენ.
„არავის უნდოდა იმის ნახვა, რაც მოხდა, მაგრამ არ მივიღებ, რომ აშშ არასანდო მოკავშირეა” - ეს განცხადება კი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის დაძაბული შეხვედრის შესახებ გააკეთა.
ირკვევა ისიც, რომ გეგმა, რომელიც დღეს წარმოადგინა, დონალდ ტრამპთან იქნება განხილული.
გუშინ ღამით ველაპარაკე დონალდ ტრამპს. არ ვისაუბრებ დეტალებზე, მაგრამ ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი, რომ არ მეფიქრა, რომ ეს იყო ის, რაც დადებით შედეგს გამოიღებდა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენ: უკრაინა, ევროპა, დიდი ბრიტანეთი და აშშ გრძელვადიანი მშვიდობისკენ ერთად ვივლით”. - დასძინა სტარმერმა.
პრესკონფერენციის პარალელურად დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის 5000-ზე მეტ რაკეტას მიაწვდიან, რომ „ხალხი და ინფრასტრუქტურა დაცული იყოს თავდასხმისგან”.
„შეთანხმება ასახავს დიდი ბრიტანეთის ვალდებულებას უკრაინის მიმართ და შექმნის ასობით სამუშაო ადგილს დიდ ბრიტანეთში”. – წერს უწყება.