სტარმერი: არავის სურდა იმის ნახვა, რაც მოხდა, არ მივიღებ, რომ აშშ არასანდო მოკავშირეა

"არავის სურდა იმის ნახვა, რაც პარასკევს მოხდა"- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.
სტარმერმა ჟურნალისტებთან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ მიიღებს ისეთ შეფასებას, რომ აშშ "არასანდო მოკავშირეა".
აშშ მრავალი ათწლეულის განმავლობაში იყო გაერთიანებული სამეფოს მოკავშირე და ასე გრძელდება. არ არსებობს სხვა ორი ქვეყანა, რომელიც ისე მჭიდროდაა დაკავშირებული, როგორიც ჩვენ. ჩვენი თავდაცვა, უსაფრთხოება და დაზვერვა ისეა გადაჯაჭვული, როგორსაც ვერ ნახავთ სხვა ორი ქვეყნის შემთხვევაში. ასე, რომ ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საიმედო მოკავშირეა"- განაცხადა სტარმერმა ევროპელი ლიდერების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის აუდიენცია შედგა. ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკება მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ოვალურ კაბინეტში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი გუშინვე დატოვეს. შეთანხმება ვერ შედგა. წიაღისეულზე დოკუმენტზე ხელმოწერა ჩაიშალა. ასევე გაუქმდა ორი ლიდერის პრესკონფერენციაც.