ლონდონში გამართული სამიტის შემდეგ ზელენსკიმ საკუთარ ხალხს მიმართა
უახლოეს მომავალში ევროპის ქვეყნები ჩამოაყალიბებენ საერთო პოზიციებს უკრაინის ომსა და საკუთარ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რათა წარუდგინონ ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინელებს ვიდეომიმართვით განუცხადა. მისი თქმით, უკრაინის მომავლის უზრუნველსაყოფად სამიტზე ყველამ მხარი დაუჭირა იმ ფაქტს, რომ რეალურ სამყაროს უსაფრთხოების რეალური გარანტიები სჭირდება. უახლოეს კვირებში მოსალოდნელია მრავალი სამშვიდობო დიპლომატიური შეხვედრა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება მშვიდობა და არა მარადიული ომი და ომის დასრულების გასაღები უსაფრთხოების გარანტიებია.
უახლოეს მომავალში ჩვენ ყველანი ევროპაში ჩამოვაყალიბებთ ჩვენს პოზიციებს, ჩვენს საერთო პოზიციებს. ხაზები, რომლებსაც უნდა მივაღწიოთ და ხაზები, საიდანაც უკან ვერ დავიხევთ. ასეთ პოზიციებს წარუდგენენ ჩვენს პარტნიორებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. საიმედოობა, მშვიდობის ხანგრძლივობა, ომის დასრულების სწორი შეთანხმება - ეს არის ჩვენი საერთო პრიორიტეტი, - განაცხადა ზელენსკიმ.
2 მარტს დიდმა ბრიტანეთმა უმასპინძლა სამიტს „ჩვენი მომავლის უზრუნველსაყოფად“, რომელიც მიეძღვნა ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის მხრიდან განხორციელებული აგრესიის ფონზე. ღონისძიებას ევროპელი ლიდერები, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე და სხვა მაღალი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.