უკრაინის წიაღისეულის შესახებ შეთანხმება, ჯერჯერობით, არ განიხილება-აშშ-ის ფინანსთა მინისტრი
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი, სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ უკრაინის იშვიათი წიაღისეულის ხელმისაწვდომობის შესახებ შეთანხმება, ჯერჯერობით, დღის წესრიგში არ არის.
უკრაინასთან მინერალებთან დაკავშირებული შეთანხმება ამჟამად განხილვას არ ექვემდებარება. არ ვიცი, რას ფიქრობდა პრეზიდენტი ზელენსკი. ორშაბათს გვყავდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, შესანიშნავი შეხვედრა იყო. ხუთშაბათს გვყავდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ფანტასტიკური შეხვედრა იყო. ისინი ყველა სამშვიდობო შეთანხმების ბორტზე იყვნენ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა CBS-თან ინტერვიუში.
ბესენტის თქმით, ზელენსკის ხელი უნდა მოეწერა ეკონომიკურ შეთანხმებაზე, რომელსაც შეეძლო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება, მაგრამ ეს არ მოხდა.
პრეზიდენტ ზელენსკის მხოლოდ ის უნდა გაეკეთებინა, რომ შემოსულიყო და ხელი მოეწერა ამ ეკონომიკური შეთანხმებისთვის და მან არჩია, ეს გაეფუჭებინა. ვფიქრობ, უნდა ვნახოთ, სურს თუ არა პრეზიდენტ ზელენსკის გაგრძელება – რა აზრი აქვს ეკონომიკურ შეთანხმებას, რომელიც გაუქმდება, თუ მას ბრძოლის გაგრძელება სურს? პრეზიდენტ ტრამპს სურს სამშვიდობო შეთანხმება“, - აღნიშნა ბესენტმა.
კითხვაზე, გრძელდება თუ არა შეთანხმებაზე მოლაპარაკებები, ბესენტმა უპასუხა „ჯერ არა".
მანამდე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტრამპთან შეთანხმების გასაფორმებლად მზად არის. ლონდონის სამიტის შემდეგ BBC-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ თანახმაა, ხელი მოაწეროს მინერალებზე შეთანხმებას.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ აშშ-თან კონსტრუქციული დიალოგი სურს. მისი თქმით, თუ ამერიკა ომში მყოფ ქვეყანას აღარ დაეხმარება, ეს წყალს მხოლოდ პუტინის წისქვილზე დაასხამს. ზელენსკი ამბობს, რომ თუკი ვაშინგტონში კვლავ მიიწვევენ, ის იქ აუცილებლად ჩავა.