ზელენსკი ბალტიისპირელ ლიდერებს ესაუბრა - რა განიხილეს მხარეებმა

03.03.25 22:52
ზელენსკი ბალტიისპირელ ლიდერებს ესაუბრა - რა განიხილეს მხარეებმა

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა - ზელენსკი პლატფორმა X-ზე წერს, რომ ესტონეთის პრემიერს, ლიეტუვის პრეზიდენტს და ლატვიის პრეზიდენტს ინფორმაცია ლონდონში გამართულ სამიტთან დაკავშირებით მიაწოდა. 

ნაყოფიერი საუბრები მქონდა ჩვენს ბალტიისპირელ მეგობრებთან - ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან, ლატვიის პრეზიდენტთან, ედგარს რინკევიჩსა და ესტონეთის პრემიერმინისტრს, კრისტენ მიჰალთან. 

მე მათ ლონდონში გუშინ გამართულ სამიტთან დაკავშირებით ინფორმაცია მივაწოდე. ჩვენ ერთად უნდა მოვამზადოთ სამოქმედო გეგმა, რომელიც უსაფრთხოების რეალურ გარანტიებთან დაგვაახლოებს. არის კონკრეტული ინიციატივები და ჩვენ მათზე ვიმუშავებთ.

ომის რაც შეიძლება მალე დასასრულებლად და საიმედო და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად ჩვენთვის ყველა პარტნიორთან ერთიანობა გადამწყვეტია. უკრაინა, ევროპა და შეერთებული შტატები - მხოლოდ ერთად შეგვიძლია აღვადგინოთ უსაფრთხოება მთელი ჩვენი ხალხისთვის და ეს მართლაც შესაძლებელია. 

მადლობელი ვარ მხარდაჭერისთვის და თავდაცვის ახალი პაკეტების გადაწყვეტილებისთვის, რომელიც ჩვენს ხალხს სიცოცხლის გადარჩენაში დაეხმარება." - წერს ზელენსკი.